ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი ოცდამეორე

1. ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის დაკარგულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, არამედ დაუბრუნე იგი შენს მოძმეს.

2. თუ შორს არის შენგან შენი მოძმე ან არ იცნობ მას, შეიფარე ისინი შენს სახლში და შენთან იყვნენ, ვიდრე შენი მოძმე არ მოიკითხავს მათ. მაშინ დაუბრუნე.

3. ასე მოიქეცი მისი სახედრის მიმართ, მისი ტანსაცმლის მიმართ, ყველაფრის მიმართ, რაც დაკარგა შენმა მოძმემ და შენ იპოვნე; არა გაქვს უფლება თავი აარიდო მათ.

4. ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის სახედარს ან ხარს გზაზე დავარდნილს დაინახავ; უნდა შეეშველო მას წამოყენებაში.

5. ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის.

6. თუ გზად გადაეყრები ჩიტის ბუდეს, ბარტყებიანს ან კვერცხებიანს, და დედა აზის ბარტყებს თუ კვერცხებს, არ აიყვანო დედა თავის ბარტყებიანა.

7. დედა გაუშვი, ბარტყები კი წაიყვანე, რომ კარგად იყო და დღეგრძელი იყო.

8. თუ ახალ სახლს ააშენებ, ბანს მოაჯირი შემოავლე, რომ სისხლი არ დაედოს შენს სახლს, როცა ვინმე გადმოვარდება იქიდან.

9. ნუ დათესავ ვენახში ორნაირ ჯიშს, რომ არ გააუწმიდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც დათესავ და ვენახის მოსავალი.

10. ნუ მოხნავ ხარითა და სახედრით ერთად.

11. ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელის ქსოვილისგან შეკერილ ტანისამოსს.

12. ფოჩები გაუკეთე ოთხივე კუთხეზე შენს საბანს, რომელსაც იხურავ.

13. თუ ვინმე ცოლს ითხოვს, შევა მასთან და მერე შეიძულებს მას,

14. ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის: მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო,

15. ადგეს ამ ყმაწვილი ქალის დედ-მამა და გამოუტანოს მისი სიქალწულე ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან.

16. უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: ეს ჩემი ასული ამ კაცს მივათხოვე ცოლად, მან კი შეიძულა.

17. აჰა, ცილს სწამებს მას, ამბობს: ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ქალიშვილი. აჰა, ჩემი ასულის სიქალწულე. და გაუშლიან სამოსელს ქალაქის უხუცესების წინ.

18. ადგნენ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი.

19. ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.

20. თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,

21. გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.

22. თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

23. თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ქალაქში ვინმე შეხვდა და დაწვა მასთან,

24. გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ - ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.

25. თუ მინდორში შეხვდება კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს, დაიჭერს მას და დაწვება მასთან, უნდა მოიკლას მხოლოდ კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.

26. ყმაწვილ ქალს არაფერი დაუშავო, სასიკვდილო დანაშაული არ აწევს ყმაწვილ ქალს, რადგან ეს იმგვარი საქმეა, გინდა კაცი დასხმოდეს თავის მოყვასს და მოეკლას.

27. რადგან მინდორში შეხვდა მას, და თუნდაც ეყვირა ყმაწვილ ქალს, არავინ იქნებოდა მისი მშველელი.

28. თუ ვინმე შეხვდება ქალწულს, რომელიც დანიშნული არ არის, დაიჭერს, დაწვება მასთან და წაასწრებენ,

29. მისცეს ყმაწვილ ქალთან ნაწოლმა კაცმა მის მამას ორმოცდაათი ვერცხლი, ქალი კი მისი ცოლი გახდეს იმის სანაცვლოდ, რომ ძალა იხმარა მასზე. არ შეეძლება მისი გაშვება თავის სიცოცხლეში.

30. არავინ ითხოვოს თავისი მამის ცოლი და არ გადაუწიოს კალთა თავის მამას.