ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი პირველი

1. მოხუცდა დავით მეფე, ხანში შევიდა; ახურავდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა.

2. უთხრეს მისმა მორჩილებმა: გამოუძებნონ ჩვენს მეფე-ბატონს ახალგაზრდა ქალწული ქალი, რომ წარდგეს მეფის წინაშე, უვლიდეს მას და გვერდში უწვებოდეს. მაშინ გათბება ჩვენი მეფე-ბატონი.

3. დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და იპოვნეს აბიშაგ შუნამელი და მიჰგვარეს მეფეს.

4. ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი, უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა მას; მაგრამ მეფე არ მიჰკარებია ქალს.

5. გამედიდურდა ადონია, ხაგითის შვილი, და ასე ამბობდა: მე უნდა ვიმეფო! გაიჩინა ეტლი და მხედრები, და ორმოცდაათი მალემსრბოლი.

6. არასოდეს უსაყვედურნია მამამისს, ასე რატომ იქცევიო. - თანაც თვალტანადი ყმაწვილი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ ეყოლა იგი დედამისს.

7. იოაბთან, ცერუიას ძესთან, და აბიათარ მღვდელთან ჰქონდა საქმე დაჭერილი და ისინი ეხმარებოდნენ ადონიას.

8. ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი და დავითის მამაცი ხალხი მხარს არ უჭერდნენ ადონიას.

9. დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი მოზვრები ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები და იუდაელი კაცები, მეფის მორჩილნი.

10. ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, მამაცი ხალხი და სოლომონი, თავისი ძმა, არ მოიწვია.

11. უთხრა ნათანმა ბათშებაყს, სოლომონის დედას: გაიგე, რომ გამეფდა ადონია, ხაგითის შვილი, ჩვენმა პატრონმა დავითმა კი არაფერი იცის?

12. ახლა, მოდი, ერთ რამეს გირჩევ, უშველე თავს და შენს შვილს, სოლომონს.

13. წადი, დავით მეფესთან, შედი და უთხარი: განა შენ არ იყავი, მეფევ-ბატონო, რომ შემომფიცე შენს მორჩილს: შენი ვაჟი სოლომონი იმეფებსო ჩემს შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე. მაშ, რატომ გამეფდა ადონია?

14. ვიდრე შენ მეფესთან ლაპარაკში იქნები, მეც შემოვალ და სიტყვას შეგაწევ.

15. შევიდა ბათშებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და აბიშაგ შუნამელი უვლიდა მეფეს.

16. თავი დახარა ბათშებაყმა და თაყვანისცა მეფეს. ჰკითხა მეფემ: რა გინდა?

17. მიუგო: ჩემო ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მობჩილს უფლის, შენი ღმერთის სახელით, სოლომონი, შენი ვაჟი, გამეფდებაო ჩემს შემდეგ და დაჯდებაო ჩემს ტახტზე.

18. ახლა, აჰა, ადონია გამეფდა: შენ კი, მეფევ-ბატონო, არაფერი გაგიგია.

19. მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვრები, მოიწვია ყველა უფლისწული, აბიათარ მღვდელი, მხედართმთავარი იოაბი; შენი მორჩილი სოლომონი კი არ მოუწვევია.

20. შენსკენაა მთელი ისრაელის თვალი, მეფე-ბატონო, რომ გამოუცხადო, თუ ვინ ავა მეფე-ბატონის ტახტზე შენს შემდეგ.

21. როცა განისვენებს მეფე-ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.

22. ამ ლაპარაკში იყო მეფესთან, რომ მოვიდა ნათან წინასწარმეტყველი.

23. მოახსენეს მეფეს: აჰა, ნათან წინასწარმეტყველი. შევიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.

24. თქვა ნათანმა: მეფე-ბატონო! შენა თქვი, ადონია გამეფდესო ჩემს შემდეგ და დაჯდესო ჩემს ტახტზე?

25. რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვარი და მოიწვია ყველა უფლისწული, ჯარის სარდლები, აბიათარ მღვდელი. ახლა იქ არიან და ჭამენ და სვამენ მის წინაშე. გაჰყვირიან: იცოცხლოს მეფე ადონიამ!

26. არ მივუწვევივარ არც მე, შენი მორჩილი, არც ცადოკ მღვდელი, არც ბენაია იეჰოიადაყის ძე, და არც სოლომონი, შენი მორჩილი.

27. თუ მეფე-ბატონისგან მოდის ეს ბრძანება, რატომ არ გამაგებინე შენს მორჩილს, ვინ უნდა დაჯდეს მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ?

28. მიუგო მეფე დავითმა და უთხრა: ბათშებაყს დამიძახეთ! შევიდა იგი მეფესთან და წარუდგა მეფეს.

29. დაიფიცა მეფემ და თქვა: მოწმე იყოს უფალი, რომელმაც მიხსნა ყველა გასაჭირიდან,

30. რომ როგორც შემოგფიცე უფლის, ისრაელის ღვთის სახელით, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება-მეთქი ჩემს შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემს ნაცვლად, ასე გავაკეთებ დღეს.

31. მიწამდე დახარა თავი ბათშებაყმა, თაყვანისცა მეფეს და უთხრა: იცოცხლოს ჩემმა პატრონმა, მეფე დავითმა, უკუნისამდე.

32. თქვა მეფე დავითმა: დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს, და ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისინიც წარსდგნენ მეფის წინაშე.

33. უთხრა მათ მეფემ: იახლეთ თქვენი ბატონის მორჩილნი, შესვით ჩემი შვილი სოლმონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ.

34. აქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. მერე ჰკარით ბუკს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!

35. მერე ამოჰყევით მას, მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე და იმეფებს ჩემს ნაცვლად. ის დავნიშნე მე ისრაელისა და იუდას მთავრად.

36. მიუგო ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს და უთხრა: ამინ! ასევე თქვას უფალმა, ჩემი მეფე-ბატონის ღმერთმა.

37. როგორც ჩემს მეფე-ბატონთან იყო უფალი, ასევე იყო სოლომონთანაც. ჩემი მეფე-ბატონის, დავითის ტახტზე მეტად აღამაღლოს მისი ტახტი.

38. ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.

39. გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. ჰკრეს ბუკს და დაიძახა მთელმა ხალხმა: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!

40. უკან ამოჰყვა მთელი ხალხი, სტვირს უკრავდა ხალხი და ხარობდა დიდი სიხარულით, მიწა იპობოდა მათი ყიჟინისგან.

41. ის იყო მორჩნენ პურობას ადონია და მისი სტუმრები, რომ მოესმათ ეს ყიჟინა. გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და თქვა: რამ აახმაურა ქალაქი?

42. არ დაემთავრებინა ლაპარაკი, რომ მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის შვილი. თქვა ადონიამ: მოდი, რადგან ვაჟკაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს.

43. მიუგო იონათანმა ადონიას და უთხრა: ჭეშმარიტად! სოლომონი გაამეფა ჩვენმა მეფე-ბატონმა.

44. გააყოლა მას მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელები და ფელეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე.

45. მეფედ სცხეს გიხონში ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. გამხიარულვმულნი ამოვიდნენ იქიდან და შეიძრა ქალაქი. ეს ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.

46. უკვე ზის სოლომონი სამეფო ტახტზე.

47. მივიდნენ კიდეც და მიულოცეს მეფის მორჩილებმა ჩვენს მეფე-ბატონს, დავითს, და უთხრეს: შენს სახელზე მეტად შეამკოს უფალმა სოლომონის სახელი და შენს ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი. ქედი მოიხარა საწოლზე მეფემ.

48. ასე თქვა კიდეც მეფემ: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს თვალხილულს ჩემი ტახტის მემკვიდრე და თვალით მახილვინა.

49. შეეშინდათ ადონიას სტუმრებს, წამოიშალნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ.

50. ხოლო ადონიამ სოლომონის შიშით სამსმხვერპლოს მიაშურა და მოეჭიდა მის რქებს.

51. შეატყობინეს სოლომონს: აჰა, შეეშინდაო ადონიას მეფე სოლომონის, სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა და ამბობსო: შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა რომ მახვილით არ მოკლავს თავის მორჩილს.

52. თქვა სოლომონმა: თუ წრფელად მოიქცევა მისი თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე; მაგრამ თუ მზაკვრობა გაივლო გულში, მოკვდება.

53. გაგზავნა სოლომონმა ხალხი და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. მივიდა და თაყვანისცა მეფე სოლომონს. უთხრა სოლომონმა: წადი სახლში.