ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მეჩვიდმეტე

1. უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მაცხოვრებმა, აქაბს: ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე.

2. და გამოეცხადა უფლის სიტყვა:

3. წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.

4. ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ.

5. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.

6. მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა.

7. გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.

8. მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა:

9. ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.

10. ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა.

11. წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.

12. მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით.

13. უთხრა ელიამ: ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.

14. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად.

15. წავიდა ქალი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა: ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც რამდენიმე ხანს.

16. ქოთანში ფქვილი არ ილეოდა და დოქში ზეთი არ იკლებდა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით.

17. ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის, დიასახლისის ვაჟი; ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.

18. უთხრა ქალმა ელიას: რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ?

19. უთხრა ელიამ: მომეცი შენი შვილი, უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემო თვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა.

20. შეჰღაღადა უფალს და უთხრა: უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?

21. სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში.

22. ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი.

23. აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩაიყვანა ზემო ოთახიდან სახლში და მისცა დედას. თქვა ელიამ: დახედე, ცოცხალია შენი შვილი.

24. უთხრა ქალმა ელიას: ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და რომ ჭეშმარიტებაა შენს ბაგეებში უფლის სიტყვა.