ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი ოცდამეორე

1. ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის.

2. მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.

3. უთხრა ისრაელის მეფემ თავის მორჩილთ: ხომ იცით, რომ ჩვენია გალაადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.

4. უთხრა იოშაფატს: წამომყვები გალაადის რამოთისთვის საბრძოლველად? მიუგო იოშაფატმა ისრაელის მეფეს: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?

5. უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას.

6. შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.

7. თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?

8. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქა იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.

9. უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქა იმლას ძე.

10. ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.

11. გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.

12. ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.

13. ასე ეუბნებოდა მიქას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.

14. თქვა მიქამ: უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს.

15. მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქა! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.

16. უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?

17. თქვა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.

18. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.

19. თქვა მიქამ: აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.

20. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში? ერთი ამას ამბობდა, მეორე - იმას.

21. გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი?

22. მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.

23. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.

24. მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და ლოყაში გაარტყა მიქას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?

25. თქვა მიქამ: კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.

26. თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარი მიქა და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს,

27. უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.

28. თქვა მიქამ: თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: მისმინეთ ყველამ, ხალხნო!

29. წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე.

30. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად.

31. უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ოცდათორმეტ კაცს, ვინც ჰყავდა: ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.

32. როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურაენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა.

33. როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყია იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.

34. ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.

35. გახურდა ომი იმ დღეს, დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამო ხანს. წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლის ძარაში.

36. გავარდა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: ყველა თავის ქალაქისკენ, ყველა თავის ქვეყნისკენ!

37. მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას; და დამარხეს მეფე სამარიაში.

38. გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს, რომელიც სიძვის დიაცებმა ჩამორეცხეს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.

39. აქაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა; სპილოსძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

40. განისვენა აქაბმა თავის მამა-პაპასთან და გამეფდა მისი ძე ახაზია მის ნაცვლად.

41. იოშაფატ ასას ძე იუდაზე გამეფდა აქაბ ისრაელის მეფის მეოთხე წელს.

42. ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზება, შილხის ასული.

43. ყველაფერში მამამისის, ასას, გზას ადგა იგი, არ უხვევდა მისგან და სწორად იქცეოდა უფლის თვალში.

44. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა.

45. ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან.

46. იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

47. როსკიპ კაცთა ნატამალნი, მისი მამის, ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან.

48. მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო.

49. ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ არ წასულან, რადგან ყეციონ-გაბერში დაილეწა ხომალდები.

50. მაშინ უთხრა ახაზია აქაბის ძემ იოშაფატს: იარონ ჩემმა მორჩილებმა შენს მორჩილებთან ერთად ხომალდებით; მაგრამ უარი უთხრა იოშაფატმა.

51. განისვენა იოშაფატმა თავის მამა პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის ქალაქში და გამეფდა მისი ძე იორამი მის ნაცვლად.

52. ახაზია აქაბას ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იოშაფატ იუდას მეფის მეჩვიდმეტე წელს და იმეფა ისრაელზე ორი წელი.

53. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობოამ ნაბატის ძის გზაზე, რომელმაც აცთუნა ისრაელი.

54. ემსახურებოდა ბაალს და თაყვანს სცემდა მას; აჯავრებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, ყოველნაირად, როგორც იქცეოდა მამამისი.