ძველი აღთქმა

მესამე მეფეთა

თავი მერვე

1. მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი - ისრაელიანთა მამისსახლების უფროსები მეფე სოლომონთან იერუსალიმში, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან.

2. შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის თვეში, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს.

3. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და მღვდლებმა ასწიეს კიდობანი.

4. და წაასვენეს უფლის კიდობანი და სადღესასწაულო კარავი. წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა.

5. მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.

6. დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.

7. რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და კეტებს.

8. კეტები იმ სიგრძის იყო, რომ მხოლოდ მათი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან, დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი.

9. არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.

10. როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდათა წმიდიდან, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლი.

11. ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი.

12. მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.

13. სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებელად.

14. პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.

15. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა რასაც ამბობდა:

16. იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, ისრაელის არცერთ შტოში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი. ავირჩიე დავითი, რომ მას ემეფა ჩემს ერზე, ისრაელზე.

17. გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.

18. უთხრა უფალმა მამაჩემს დავითს: გულში რომ გქონოდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.

19. ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი; შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.

20. დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა; და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის ადგილზე; ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი.

21. მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩემს მამა-პაპასთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა.

22. დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით, და ცისკენ აღაპყრო ხელები.

23. თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე! შენ ინახავ აღთქმასა და სიყვარულს შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე.

24. შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს; და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.

25. ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ დაგელევაო მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარო ჩემს წინაშე.

26. ახლაც მტკიცე იყოს, უფალო ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს რომ უბრძანე.

27. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?

28. მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მორჩილი.

29. თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი.

30. ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.

31. როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში.

32. მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მორჩილთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, და მართალი გაამართლე, რომ მისი სიმართლისაებრ მიეგოს.

33. როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში,

34. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მისი მამა-პაპისთვის მიგიცია.

35. როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილს, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს. რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,

36. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისთვის.

37. შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურმოხდება რამე თუ სნეულება,

38. ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერისა - ისრაელის, როცა იგრძნობს თითოეული გასაჭირს თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ.

39. შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები. რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული;

40. რომ მუდამ ეშინოდეთ შენი, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია.

41. უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო,

42. რადგან გაგებული ექნებათ შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში,

43. მოუსმენ ციდან, შენი სამყოფელიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს; იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე.

44. როცა გავა მტერთან საბრძოლველად შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე,

45. მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე.

46. როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,

47. გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში, შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,

48. როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აარჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,

49. მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე;

50. მიუტევე შენს ერს, შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალულს აღუძრავ მათ დამტყვევებლებს, რათა შეიბრალონ ისინი.

51. რადგან შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმელიდან გამოიყვანე.

52. თვალღია იყავ შენი მორჩილის ვედრების მიმართ და შენი ერის ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა არ უნდა შემოგღაღადონ.

53. რადგან შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან, როგორც უბრძანე შენი მორჩილის, მოსეს პირით, როცა ეგვიპტიდან გამოგყავდა ჩვენი მამა-პაპა, უფალო ღმერთო!

54. როცა დაასრულა სოლომონმა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი.

55. იდგა და ხმამაღლა აკურთხებდა ისრაელის მთელს კრებულს:

56. კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მორჩილის, მოსეს პირით რომ ბრძანა.

57. ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამა-პაპასთან იყო, არ მიგვატოვოს, არ გაგვწიროს.

58. მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რომ მის გზაზე ვიაროთ, და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამა-პაპისთვის დაუწესებია.

59. იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, ახლოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადღე აჩენდეს სამართალს მისი მორჩილისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის,

60. რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი.

61. იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესზე და დაიცვათ მისი დარიგებები.

62. შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ისრაელმა მასთან ერთად.

63. დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი და სამადლობელ მსხვერპლად შესწირა უფალს. აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა.

64. ამავე დღეს განათლა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ; რადგან აღავლინა აღსავლენი, შესწირა ძღვენი და სამადლობელი მსხვერპლის ცხიმები, რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, ძღვენს და სამადლობელის ცხიმებს.

65. იდღესასწაულა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე - შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს, სულ თოთხმეტ დღეს.

66. მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი; დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მორჩილს, და ისრაელს, თავის ერს.