ძველი აღთქმა

მეოთხე მაკაბელთა

თავი მეთვრამეტე

1. აბრაამის თესლის ნაშიერნო, ისრაელიანებო, დაემორჩილეთ ამ რჯულს და ყოველმხრივ გამოიჩინეთ ღვთისმოსაობა.

2. იცოდეთ, რომ ვნებათა უფალია ღვთისმოსავი გონება, იგი ძლევს არა მარტო სულიერ, არამედ ხორციელ ტკივილებსაც.

3. ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისთვის სატანჯველში გზავნიან თავიანთ სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ, არამედ ღმერთთანაც იმკვიდრებენ წილს.

4. მათი წყალობით მოიპოვა მშვიდობა ერმა და სამშობლოში რჯულის ამაღორძინებლებმა დახარკეს მტრები.

5. ანტიოქოსი კი სიცოცხლეშიც დაისაჯა და სიკვდილის შემდეგაც მიეგო შური. როცა მან ვერაფრით აიძულა იერუსალიმელები გაურჯულოებულიყვნენ და მამაპაპეული ზნე-ჩვეულებებისთვის ეღალატნათ, დასტოვა იერუსალიმი და სპარსელთა წინააღმდეგ გაილაშქრა.

6. შვიდი შვილის დედა ასეთ შეგონებებსაც ეტყოდა თავის შვილებს:

7. მე უმანკო ქალწული ვიყავი, არასდროს გავცდენივარ მამისეულ სახლს და წმიდად ვიცავდი ნეკნს, საიდანაც წარმოვიშვი.

8. არ დავუღუპივარ შემაცთენელს უდაბნოს ველზე, არც ჩემი სიქალწულის სიწმიდე შეუბღალავს მაცთურ გველს.

9. ქმართან გავატარე მოწიფულობის წლები. როცა თქვენ წამოიზარდეთ, აღესრულა მამათქვენი; ბედნიერი კაცი იყო, რადგან მოესწრო შვილთა კეთილდღეობას და მათი უბედურებით არ გამწარებია წუთისოფელი.

10. ვიდრე თქვენთან იყო, გასწავლიდათ რჯულსა და წინასწარმეტყველებს;

11. გიკითხავდათ კაენისგან აბელის მკვლელობის ამბავს, -აღსავლენ მსხვერპლად მიტანილ ისაკზე და საპყრობილეში მყოფთ იოსებზე.

12. გიამბობდათ მოშურნე ფინხასზე და გმოძღვრავდათ ცეცხლში ჩაყრილ ხანანიას, ყაზარიას და მიშაელის მაგალითზე;

13. განადიდებდა დანიელს, ლომების ხაროში ჩაგდებულს და ნეტარად რაცხდა მას;

14. ჩაგაგონებდათ ესაიას დაწერილ სიტყვებს: ცეცხლშიც რომ გაიარო, ალი არ დაგწვავსო.

15. გიგალობდათ დავითის საგალობლებს, რომ ამბობს: ბევრი ჭირი ადგას მართალ კაცსო.

16. გიყვებოდათ სოლომონის იგავებს, სადაც ნათქვამია: მისი ნების მყოფელთათვის სიცოცხლის ხეა გამზადებულიო.

17. უდასტურებდა ეზეკიელს მის ნათქვამს: ნეტავ თუ გაცოცხლდებაო ეს გამხმარი ძვლები?

18. არ დავიწყნია, ესწავლებინა თქვენთვის მოსეს ნათქვამი სიმღერა:

19. მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებო. ეს არის თქვენი სიცოცხლე და წუთისოფელიო.

20. ო, სასტიკი იყო ის დღეები, როცა ელინთა სასტიკი მბრძანებელი ცეცხლს ცეცხლზე უნთებდა შემზარავ ქვაბებს და გამძვინვარებულ ახალ-ახალ საწამებლისკენ მიათრევდა აბრაამიანი ასულის შვიდ ყმაწვილს,

21. თვალის გუგებს უხვრეტდა მათ, ენას აძრობდა და მრავალგვარი სატანჯველით კლავდა,

22. მაგრამ ეწია მათ ღვთიური სამართალი და მიუზღო საკადრისი წყეულ მბრძანებელს.

23. აბრაამიანი ყმაწვილები კი გამარჯვებულ დედასთან ერთად შეუერთდნენ მამათა გუნდს და უმანკო და უკვდავი სულები მიიღეს ღვთისგან.

24. მათი დიდება იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამინ.