ძველი აღთქმა

მეოთხე მეფეთა

თავი მეცამეტე

1. იუდას მეფის, იოაშ ახაზიას ძის, ოცდამესამე წელს გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ჩვიდმეტი წელი.

2. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და მიჰყვებოდა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვის კვალს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი; არ განრიდებია მას.

3. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს, და ბენჰადადს, ხაზაელის ძეს, დიდი ხნით.

4. შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანთა შეჭირვება, როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე.

5. მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი და დააღწიეს თავი არამის ბატონობას; და იწყეს ცხოვრება ისრაელიანებმა თავ-თავის კარვებში, როგორც გუშინ და გუშინწინ ცხოვრობდნენ.

6. ოღონდ არ განრიდებიან იერობოამის სახლის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი; მისდევდნენ მათ და ხემხვივანებიც კვლავინდებურად იდგა სამარიაში.

7. ორმოცდაათი ცხენოსანი, ათი საომარი ეტლი და ათი ათასი ქვეითიღა შერჩა იეჰოხოაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით გასათელი გახადა.

8. იეჰოხოაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა და მისი გმირობანი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

9. განისვენა იეჰოხოაზმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე იოაში გამეფდა.

10. იუდას მეფის, იოაშის, ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იეჰოაშ იეჰოხოაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა.

11. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ მიუტოვებია ცოდვები იერობოამ ნაბატის ძისა, რომელმაც შეაცდინა ისრაელი, არამედ მისდევდა მათ.

12. იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას, რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

13. განისვენა იოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაჯდა მის ტახტზე იერობოამი. ხოლო იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით.

14. დასნეულდა ელისე და მოკვდა კიდეც ამ სენისაგან. ჩავიდა მასთან იოაშ ისრაელის მეფე. თავზე დასტიროდა და ეუბნებოდა: მამავ, მამავ, ისრაელის ეტლო და მხედრობავ!

15. უთხრა ელისემ: აიღე მშვილდ-ისარი. მანაც აიღო მშვილდ-ისარი.

16. უთხრა ისრაელის მეფეს: დაადე ხელი მშვილდს. მანაც დაადო ხელი, ხოლო ელისემ მეფის ხელზე დააწყო თავისი ხელები.

17. თქვა: გააღე აღმოსავლეთის სარკმელი. გააღო. თქვა ელისემ: სტყორცნე. სტყორცნა. თქვა: ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ.

18. თქვა: აიღე ისრები. აიღო. უთხრა ისრაელის მეფეს: დაჰკარი მიწას. სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა.

19. გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა, საბოლოოდ სძლევდი არამს, ახლა კი მხოლოდ სამგზის სძლევ არამს.

20. მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს.

21. ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა.

22. ხაზაელი, არამის მეფე, აჭირვებდა ისრაელიანებს იეჰოახაზის მეფობის მთელს ხანაში.

23. მაგრამ შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო და არ ინება მათი მოსპობა. თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესამომდე.

24. მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე; მის ნაცვლად მისი ძე ბენ-ჰადადი გამეფდა.

25. უკანვე დაიბრუნა იოაშ აეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძისგან ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოხოაზისთვის. სამგზის სძლია მას იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.