ძველი აღთქმა

მეოთხე მეფეთა

თავი მეთხუთმეტე

1. იერობოამ ისრაელის მეფის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია ამაციაჰუს ძე, იუდას მეფე.

2. თექვსმეტი წლისა იყო, რომ გამეფდა და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იექოლიაჰუ, იერუსალიმელი.

3. სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ისევე, როგორც მამამისი ამაციაჰუ.

4. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული: გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს.

5. დასაჯა იგი ღმერთმა და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა სამკურნალო სახლში. იოთამი, მეფისწული, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ხალხს.

6. ყაზარიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

7. განისვენა ყაზარიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა.

8. იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ზაქარია იერობოამის ძე ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა.

9. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა იქცეოდა. არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

10. შეთქმულება მოუწყო მას შალუმმა, იაბეშის ძემ, და მოკლა იგი კაბალ-ყამმა და გამეფდა მის ნაცვლად.

11. ზაქარიას დანარჩენი საქმენი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

12. ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შვილები ისრაელის ტახტზე. და ახდა კიდეც.

13. შალუმ იაბეშის ძე გამეფდა იუდას მეფის, ყუზიას, ოცდამეცხრამეტე წელს და ერთი თვე იმეფა სამარიაში.

14. წამოვიდა მენახემ გადის ძე თირცადან და მოადგა სამარიას. დაამარცხა შალუმ იაბეშის ძე სამარიაში, მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.

15. შალუმის საქმენი და მისი შეთქმულების ამბავი, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

16. მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო; მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული, რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი.

17. იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე, ისრაელის, მეფე და ათი წელი იმეფა სამარიაში.

18. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

19. წამოვიდა ფული, აშურის მეფე, ქვეყნისაკენ და მისცა მენახემმა ფულს ათასი ქანქარი ვერცხლი, რომ ყოფილიყო მისი შემწეობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა.

20. დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელს, ყველა შეძლებულ კაცს - კაცზე ორმოცდაათი შეკელი აშურის მეფისთვის მისაცემად. უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იქ, ქვეყანაში.

21. მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

22. განისვენა მენახემმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ფეხაკია გამეფდა.

23. იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია მენახემის ძე ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა.

24. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

25. შეთქმულება მოუწყო მას ფეხაკმა, რემალიაჰუს ძემ, მისმა კარისკაცმა, მიუხდა სამარიაში, მეფის სასახლის დარბაზში, არგობთან და არიასთან ერთად, თან ორმოცდაათი გალაადელი ახლდა - მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.

26. ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

27. იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკას რემალიაჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ოცი წელი.

28. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში; არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

29. ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათფილასარი, აშურის მეფე, აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გალაადი და გალილა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და აშურში გადაასახლა ხალხი.

30. შეთქმულება მოუწყო ჰოშეაყ ელიას ძემ ფეკახ რემალიაჰუს ძეს, სძლია მას, მოკლა და გამეფდა მის ნაცვლად იოთამ ყუზიას ძის მეოცე წელს.

21. ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

32. ისრაელის მეფის, ფეკახ რემალიაჰუს ძის მეორე წელს გამეფდა იოთამ ყუზიას ძე, იუდას მეფე.

33. ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.

34. სწორად იქცეოდა უფლის თვალში; მამამისი ყუზია როგორც იქცეოდა, ისევე იქცეოდა იგი.

35. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული; ჯერაც გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. მან აღადგინა უფლის სახლის ზემო კარიბჭე.

36. იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

37. იმხანებში შეუჩინა უფალმა იუდას რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე.

38. განისვენა იოთამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით თავისი მამის დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა.