ძველი აღთქმა

მეოთხე მეფეთა

თავი მეოცე

1. იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები, ვერ გადარჩები.

2. კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიამ და შეევედრა უფალს:

3. უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია.

4. შიდა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა.

5. გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში.

6. კიდეც თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის.

7. თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა.

8. უთხრა ხიზკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?

9. თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?

10. თქვა ხიზკიამ: ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა; არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!

11. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით.

12. ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიას წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკია.

13. მიიღო ისინი ხიზკიამ და დაათვალიერებინა მთელი თავისი საგანძური: ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთი, საჭურველის სახლი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა; ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიას.

14. მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და უთხრა: რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან? მიუგო ხიზკიამ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.

15. თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ხიზკიამ: ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.

16. უთხრა ესაიამ ხიზკიას: ისმინე უფლის სიტყვა:

17. აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი.

18. წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ; და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.

19. უთხრა ხიზკიამ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა. შენ რომ წარმოთქვი. თქვა: იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე.

20. ხიზკიას დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, წყალსატევი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა. იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

21. განისვენა ხიზკიამ თავის მამა-პაპასთან. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე გამეფდა.