ძველი აღთქმა

მეოთხე მეფეთა

თავი მეექვსე

1. უთხრა წინასწარმეტყველთა გუნდმა ელისეს: აჰა, გვევიწროება ეს ადგილი, სადაც შენ წინაშე ვცხოვრობთ.

2. იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. უთხრა: ჩადით.

3. თქვა ერთმა: იქნებ შენც წამოგვყვე შენს მორჩილთ. მიუგო: წამოგყვებით.

4. და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას.

5. ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა რკინა. იყვირა: ვაი, ბატონო! ნანათხოვარი იყო!

6. თქვა ღვთისკაცმა: სად ჩავარდა? მანაც უჩვენა ადგილი. მოჭრა ხე, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა რკინა.

7. თქვა: ამოიღე. მანაც გაიწოდა ხელი და აიღო.

8. ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მორჩილებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდეთო.

9. შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს. მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარული.

10. გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ.

11. შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მორჩილთ და ჰკითხა: არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?

12. თქვა ერთ-ერთმა მორჩილთაგან: არავინ, მეფე-ბატონო; ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის. მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საძილე ოთახში ლაპარაკობ.

13. თქვა: წადით, და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ. შეატყობინეს, დოთანში არისო.

14. გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს.

15. ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. უთხრა ბატონის მსახურმა ბიჭმა: ვაი, ბატონო, რა გვეშველება?

16. უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.

17. ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

18. ჩავიდნენ მასთან არამელები. ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: დააბრმავე ეს ხალხი! და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.

19. უთხრა მათ ელისემ: აქ არ არის გზა და არც ქალაქი. წამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. და წაუძღვა სამარიამდე.

20. როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: უფალო! აუხილე თვალი ამათ. აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.

21. უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: დავხოცო, დავხოცო, მამაო?

22. უთხრა: არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი; ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.

23. გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს, სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.

24. ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას.

25. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში, სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული; სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად გადიოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე - ხუთ ვერცხლად.

26. გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: მიშველე, მეფე-ბატონო!

27. უთხრა: თუ უფალმა ვერ გიშველა, მე საიდან გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?

28. ჰკითხა ქალს მეფემ: რა მოგივიდა? მიუგო: ამ ქალმა მითხრა: მოიტა, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ ჩემიო.

29. მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. ვუთხარი მეორე დღეს: მოიტა, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი.

30. როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე.

31. თქვა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს.

32. ხოლო ელისე იჯდა თავის სახლში და უხუცესები გვერდით უსხდნენ. გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი. ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!

33. ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც. და თქვა ელისემ: აი, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან.