ძველი აღთქმა

ამოს წინასწარმეტყველი

თავი მეორე

1. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ: კირად გამოწვა ედომის მეფის ძვლები.

2. ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე.

3. ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, ამბობს უფალი.

4. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამა-პაპა მისდევდა.

5. ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქაას იერუსალიმის დარბაზებს.

6. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის.

7. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.

8. დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.

9. გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.

10. იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა.

11. შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი და შენს ყრმათა შორის - მოწმიდარნი; ასე არ იყო, ისრაელიანებო? ამბობს უფალი.

12. თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო!

13. აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს.

14. მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის.

15. მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს.

16. გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს, ამბობს უფალი.