ძველი აღთქმა

დაბადება

თავი ოცდამეთოთხმეტე

1. გავიდა დინა, ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად.

2. დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა.

3. გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას.

4. უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი.

5. გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა დინა, მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ჰყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე.

6. გამოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.

7. იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან, როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.

8. ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, შექემს, თქვენს ასულზე; მიათხოვეთ ცოლად.

9. დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ.

10. დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშეა ეს ქვეყანა; იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.

11. უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ.

12. დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, მოგცემთ, რასაც მომთხოვთ; ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი.

13. მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამორს, და მზაკვრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და.

14. უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.

15. მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინდაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი.

16. ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით.

17. თუ წინდაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ.

18. მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.

19. არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში.

20. მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:

21. მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები; იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები.

22. მხოლოდ მაშინ მოგვცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინდაიცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინდაცვეთილნი.

23. განა ჩვენი არ იქნება მათი საქონელი, მათი ქონება, მთელი მათი პირუტყვი? ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ.

24. დაუჯერეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინდაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა.

25. მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი.

26. მახვილით დახოცეს ხამორი და შექემი, მისი ძე: გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ.

27. მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი, დის შეურაცხყოფის გამო.

28. წამოასხეს მათ ცხვარ-ძროხა და სახედრები; და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს.

29. მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.

30. უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.

31. უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?