ძველი აღთქმა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეხუთე

1. მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს.

2. ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ვსვათ.

3. მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, იერუსალიმის ღვთის სახლის საწმიდარიდან რომ იყო წამოდებული. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები.

4. სვამდნენ ისინი ღვინოს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდნენ.

5. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა.

6. მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა.

7. ძლიერად იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდევებიმბი, მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: ვინც ამ წარწერას წაიკითხვს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე, ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე მთავარი გახდება.

8. მაშინ მოვიდნენ მეფის ბრძენკაცები, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მისი მნიშვნელობის მეფისათვის ახსა ვერ შეძლეს.

9. მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდკაცებიც.

10. მეფისა და დიდკაცების ხმაზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა და უთხრა: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაძრწუნებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი!

11. შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე - ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების მთავრად დააყენა.

12. ეს იმიტომ, რომ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშეცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრის ახზნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა.

13. მაშინ მიიყვანეს დანიელი მეფის წინაშე: მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: შენა ხარ ის დანიელი, ტყვე იუდაელთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა?

14. გავიგგ, შენში ღვთის სული ყოფილა და თან ნათელი გონიერება და საკვირველი სიბრძნე გქონია.

15. წეღან ბრძენკაცები და ჯადოქრები მყავდნენ მოყვანილნი წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვების ახსნა.

16. შენზე გავიგე, რომ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შესძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და მისი მნიშვნელობის ახსნას ჩემთვის, ძოწეულით შეიმოსები, ყელზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებ და სამეფოში მესამე კაცი გახდები.

17. მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ.

18. მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს მეფობა, სიდიადე, პატივი და დიდება.

19. ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო; ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს უშვებდა; ვისაც უნდოდა, აღაზევებდა და ვისაც უნდოდა, ამცირებდა.

20. მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი და სული ამპარტავნობით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.

21. მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა. ბალახს აჭმევდნენ როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.

22. შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.

23. შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.

24. სწორედ ამიტომ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და ამიტომ დაიწერა ეს წარწერა.

25. აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ.

26. აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას;

27. თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი;

28. ფერეს - გაიყოფა შვნი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი.

29. მაშინ მეფე ბელშაცარის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე მთავრად გამოაცხადეს.

30. იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.