ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეთხუთმეტე

1. მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი.

2. ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.

3. ქუჩებში ჯვალო არტყიათ, ბანებზე და მოედნებზე ყველა გოდებს, ცრემლად იღვრებიან.

4. კივის ხეშბონი და ელყალე, იაჰაცას წვდება მათი ხმა; ამიტომ აყვირდნენ მოაბის მებრძოლები, შეშფოთებულია მისი სული.

5. ჩემი გული კვნესის მოაბზე, მისი დევნილნი ცოღარში აფარებენ თავს, ყეგლათ-შელიშიაში; რადგან მოთქმა-მოთქმით მიჰყვებიან ლუხითის აღმართს, რადგან განწირული ხმით კივიან ხორონაიმის გზაზე.

6. რადგან გაოხრდა ნიმრიმის წყლები, რადგან დაჭკნა ბალახი, განადგურდა მდელო, მწვანე აღარ არის.

7. ამიტომ ტირიფთა ხევიც კი წაიღებს მათ ნარჩენებს და მარაგს.

8. დაუარა მოთქმამ მოაბის საზღვრებს, გოდება მისწვდა ეგლაიმს და გოდება მისწვდა ბეერ-ელიმს.

9. რადგან სისხლით აივსო დიმონის წყლები, რადგან ამას არ ვაკმარებ დიმონს, ლომებს მივუსევ მოაბის ნარჩომს და მიწის ნატამალს!