ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეცხრამეტე

1. ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები.

2. ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.

3. დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას სამკითხაოდ.

4. ჩავაგდებ ეგვიპტელებს სასტიკი ბატონის ხელში და მტარვალი მეფე იხელმწიფებს მათზე, ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.

5. წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება,

6. მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი.

7. გადაშიშვლდება მდინარეთა ნაპირები და მდინარეთა შესართავები, გადახმება ჭალებში ნათესი, განქარდება და გაცამტვერდება.

8. დაღონდებიან მეთევზეები, აკვნესდებიან მდინარეში ანკესის მსროლელნი და წყლებზე ბადეთა გამშლელნი დაიწყებენ გოდებას.

9. შერცხვებიან ვარცხნილი სელის მკეთებელნი და მაქმანების მქსოველნი.

10. დაილეწება მისი დაზგები, ქირის მუშები დამწუხრდებიან.

11. შეიშალნენ ცოყანის მთავრები, გაცუდდა ფარაონის ბრძენი მრჩევლების თათბირი. როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა შვილი ვარ მე, აღმოსავლეთის მეფეთა შვილიო?

12. სად არიან შენი ბრძენები, რომ გამცნონ და გაგაგებინონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს?

13. გაბრიყვდნენ ცოყანის მთავრები, მოტყუვდნენ ნოფის მთავრები. შეაცდინეს ეგვიპტე მისი ტომების თავკაცებმა.

14. რეტი დაასხა მათ უფალმა და აატორტმანეს ეგვიპტე ყველა საქმეში, როგორც რწყევისას ტორტმანებს მთვრალი.

15. არაფერი ექნება ეგვიპტეს გასაკეთებელი, რისი გაკეთებაც თავსა და კუდს, შტოსა და ღეროს შეეძლება.

16. იმ დღეს დიაცებივით იქნებიან ეგვიპტელები, შეშინდებიან და დაფრთხებიან ცაბაოთ უფლის ხელის მოქნევისგან, მათზე რომ მოიქნევს ხელს.

17. შიშისზარად ექცევა ეგვიპტეს იუდას მიწა; ყველას, მის გამხსენებელს, შეაძრწუნებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, მასზე რომ განაჩინა.

18. იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი.

19. იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან.

20. იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი მაცხოვარს და პატრონს და იხსნის მათ.

21. გამოეცხადება უფალი ეგვიპტელებს და შეიცნობენ ეგვიპტელები უფალს იმ დღეს; შესწირავენ მსხვერპლსა და ძღვენს, აღუთქვამენ აღთქმებს და აღასრულებენ კიდეც.

22. დაჰკრავს უფალი ეგვიპტეს, დაჰკრავს და განკურნავს კიდეც; მიიქცევიან უფლისაკენ, შეიწყნარებს მათ და განკურნავს.

23. იმ დღეს გზა გავა ეგვიპტიდან აშურამდე და ივლის აშური ეგვიპტეში და ეგვიპტე აშურში; დაემონება ეგვიპტე უფალს აშურთან ერთად.

24. იმ დღეს მესამე იქნება ისრაელი ეგვიპტესთან და აშურთან ერთად; კურთხევა იქნება ქვეყნის შუაგულში,

25. რადგან ბრძანებს კურთხევას ცაბაოთ უფალი: კურთხეულ იყოს ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი.