ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეშვიდე

1. იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს.

2. იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე:

3. მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რათა არავინ დააზიანოს.

4. რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ.

5. ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!

6. დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით.

7. თუ უგვემია იგი მისთა მგვემელთა გვემით, თუ უხოცია იგი მისთა მხოცელთა ხოცვით?

8. უკიდურეს რისხვაში შენ სჯი მას გადახვეწით. აიტაცებდა თავისი ძლიერი ქროლვით აღმოსავლეთის ქარიან დღეს.

9. ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები.

10. რადგან უდაბნოსავით გამარტოსულდა ციხე-სიმაგრე. მიაგდეს და მიატოვეს საცხოვრებელი, ხბო დაბალახობს იქ, იქ ბინავდება და მის ფოთლებს კორტნის.

11. როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს.

12. იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით.

13. ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში.