ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მესამე

1. რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;

2. ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს,

3. ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს.

4. სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე.

5. დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს.

6. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო.

7. დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად.

8. რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში.

9. მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!

10. უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.

11. ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!

12. ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს!

13. წარდგა სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად.

14. უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.

15. რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.

16. თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.

17. თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ.

18. იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს,

19. საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს,

20. მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს,

21. ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს,

22. ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს,

23. სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს.

24. სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.

25. შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან.

26. მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი.