ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეორმოცე

1. ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი.

2. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის.

3. ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის!

4. ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება.

5. გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს.

6. ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი.

7. ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი.

8. გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ.

9. ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი!

10. აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა, საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო.

11. როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.

12. ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?

13. ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?

14. ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?

15. აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს!

16. ლიბანი არ ეყოფა დასაწვავად და მისი მხეცები აღსავლენ მსხვერპლად!

17. ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე, ფუჭად და ამაოდ შეირაცხებიან მის თვალში.

18. ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით?

19. ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული.

20. ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს.

21. ნუთუ არ იცით, ნუთუ არ გსმენიათ, ნუთუ არ გემცნოთ დასაბამიდან? ნუთუ არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?

22. ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.

23. არარაობად აქცევს მთავრებს, არაფრად აგდებს ქვეყნის მსაჯულებს.

24. ის იყო დაინერგნენ, ის იყო ჩაითესნენ, ის იყო მიწაში ფესვი გაიდგეს, რომ დაუბერა მათ და გადახმენ, ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.

25. ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა.

26. ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს.

27. რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი?

28. განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.

29. ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს.

30. იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან.

31. უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.