ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეოთხე

1. ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მორჩილო, და ისრაელ, ჩემო რჩეულო!

2. ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ: ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, და იეშურუნ, ჩემო რჩეულო.

3. რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.

4. აღმოცენდებიან როგორც ჯეჯილი მდელოთა შორის, როგორც ტირიფები წყლისპირებზე.

5. ერთი იტყვის: უფლისა ვარ, მეორე იაკობის სახელს დაირქმევს; სხვა დაიწერს საკუთარ ხელზე - უფლისა და ისრაელის სახელით იქნება წოდებული.

6. ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.

7. ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი.

8. ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი.

9. კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან.

10. ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი?

11. აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად.

12. რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე, კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება.

13. ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად.

14. კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის.

15. დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე.

16. მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!

17. მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო.

18. არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ.

19. გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო?

20. ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?

21. გაიხსენე ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მორჩილი ხარ! ჩემი გამოსახული ხარ, ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, არ დამავიწყდები.

22. ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.

23. გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა.

24. ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა,

25. რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია.

26. რომელიც განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს, რომელიც ეუბნება იერუსალიმს: დასახლდები! და იუდას ქალაქებს: აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!

27. რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!

28. რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!