ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეთხუთმეტე

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! რითა სჯობს ვაზი რტოებიან ხეს, რომელიც ტყის ხეთა შორის იპოვება?

3. თუ გამოდგება ეს ხე რაიმე ნივთის გასაკეთებლად? ან თუ გამოვა მისგან კაუჭი რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდებლად?

4. აჰა, ცეცხლს მისცემ დასაწველად; მის ორთავე ბოლოს დასწვავს ცეცხლი და შუაშიც დაიწვება. განა გამოდგება რამეში?

5. აჰა, მთელი იყო და არაფრად ვარგოდა; ცეცხლმა რომ დასწვა და გადაბუგა, რაღაში გამოდგება?

6. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: როგორც ვაზი მივეცი ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მივეცი იერუსალიმის მკვიდრნიც.

7. მათ წინააღმდეგ მივაქცევ ჩემს პირს; ცეცხლიდან გამოვლენ და მაინც ცეცხლი შეჭამთ; მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა პირს მივაქცევ მათ წინააღმდეგ.

8. გავაუკაცურებ ქვეყანას, რადგან გამდგარნი არიან, ამბობს უფალი ღმერთი.