ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამერვე

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! უთხარი ტვიროსის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან გადიდგულდი და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთის დასაჯდომელზე ვზივარო ზღვის გულში, თუმცა ადამიანი ხარ და არა ღმერთი, ღმერთის გულს კი უტოლებ შენს გულს.

3. აჰა, დანიელზე ბრძენი ხარ და არცერთი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი.

4. შენი სიბრძნითა და გონებით მოგიხვეჭავს დოვლათი, ოქროთი და ვერცხლით აგივსია საგანძურები,

5. ბრძნული ვაჭრობით გაგიმრავლებია დოვლათი და გადიდგულებულხარ შენი დოვლათით,

6. ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შენს გულს ღმერთის გულს უტოლებ,

7. ამიტომ, აჰა, მოგისევ უცხოელებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის, და იშიშვლებენ მახვილს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და შელახავენ შენს ბრწყინვალებას.

8. საფლავად ჩაგიყვანენ და ზღვათა გულში დაღუპულთა მსგავსად მოკვდები.

9. თუ იტყვი, ღმერთი ვარო, შენი მკვლელის წინაშე, როცა ადამიანი ხარ შენს დამღუპველთა ხელში და არა ღმერთი,

10. წინადაუცვეთელის სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.

11. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

12. ადამის ძევ! გამართე გლოვა ტვიროსის მეფეზე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული.

13. ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული.

14. მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი.

15. სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა.

16. უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის.

17. გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე.

18. ბევრი დანაშაულით და უსამართლო მოხვეჭით შელახე შენი საწმიდარები, ამიტომაც გამოვიყვან შენგან ცეცხლს და შეგჭამს ის, და ნაცრად გაქცევ მიწაზე ყოველი მხილველის თვალწინ.

19. ყოველი შენი მცნობელი ხალხებში შეძრწუნდება შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.

20. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

21. ადამის ძევ! ციდონისკენ მიმართე პირი და უწინასწარმეტყველე,

22. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში.

23. მოვავლენ მასში შავ ჭირს და სისხლს მის ქუჩებში; დაეცემიან მასში დახოცილნი ყოველის მხრიდან მომართული მახვილით; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

24. აღარ ეყოლება ის ისრაელის სახლს მჩხვლეტავ ეკლად და შემაწუხებელ ხიწვად მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ღმერთი ვარ.

25. ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა შევკრებ ისრაელის სახლს იმ ხალხებიდან, სადაც გაფანტულნი არიან, და გამოვაჩენ მათზე ჩემს სიწმიდეს ხალხების თვალწინ, მაშინ იცხოვრებენ ისინი იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მორჩილს, იაკობს, მივეცი.

26. იცხოვრებენ იქ მშვიდად, ააშენებენ სახლებს და ჩაყრიან ვენახს; იცხოვრებენ მშვიდად, როცა დავდებ მსჯავრს მის მოძულეებს მის ირგვლივ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.