ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცხრე

1. მეათე წელს, მეათე თვის თორმეტში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! მიმართე პირი ფარაონისკენ, ეგვიპტის მეფისკენ, და უწინასწარმეტყველე მას და მთელს ეგვიპტეს.

3. ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო.

4. ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული.

5. მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად.

6. მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ უფალი ვარ, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის სახლისთვის.

7. როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს; როცა გეყრდნობოდნენ. ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ.

8. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მოვავლენ შენზე მახვილს და ამოგიწყვეტ კაცსა და პირუტყვს.

9. გადაიქცევა ეგვიპტის ქვეყანა უდაბნოდ და ნაოხარად, და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, რადგან თქვი: ჩემია ნილოსი და მე შევქმენიო.

10. ამიტომ, აჰა, შენზე ვარ და შენს მდინარეზე, ოხრად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გავაუდაბურებ სევენეს ციხე-სიმაგრიდან ქუშის საზღვრამდე.

11. არ დაიდგმება იქ კაცის ფეხი და პირუტყვის ფეხი არ მოხვდება იქ; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება.

12. უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას გაუდაბურებულ ქვეეანათა შორის და მის ქალაქებს შორის, და უდაბური იქნება ორმოცი წელი. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყანათა შორის.

13. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, სადაც იქნებიან გაფანტული.

14. დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, დავაბრუნებ ფათროსის ქვეყნად, მათ სამშობლოში, და შეიქნებიან დამდაბლებულ სამეფოდ.

15. სხვა სამეფოებზე დაბალი იქნება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; დავამცირებ, რომ აღარ გაუბატონდეს ხალხებს.

16. აღარ იქნება ის იმედად ისრაელის სახლისთვის; დანაშაულს ახსენებდა, როცა მათკენ მიიქცეოდნენ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.

17. ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი.

18. ადამის ძევ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე სამუშაო დააკისრა თავის ლაშქარს ტვიროსის წინააღმდეგ: ყველა თავი გადახოტრილია და ყველა მხარი გადატყაულია; არ ექნება გასამრჯელო არც მას, არც მის ლაშქარს ტვიროსისგან იმ შრომაში, რასაც მის წინააღმდეგ შრომობდა.

19. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტას ქვეყანას, რომ წაიღოს მისი დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო.

20. მის წინააღმდეგ შრომის საზღაურად მივცემ მას ეგვიპტის ქვეყანას, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ, ამბობს უფალი ღმერთი.

21. იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.