ძველი აღთქმა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 102 (103)

1. დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.

2. ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.

3. ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.

4. საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;

5. სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.

6. სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.

7. აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი.

8. შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.

9. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.

10. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.

11. რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.

12. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.

13. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.

14. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.

15. ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.

16. ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.

17. ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,

18. ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც.

19. უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს.

20. ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს.

21. ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო.

22. ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.