ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეცხრე

1. აი, რა უნდა გააკეთოთ მათი კურთხევისათვის, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიყვანე ერთი კურატი და ორი ჯანსაღი ჭედილა,

2. აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი ნამცხვრები და ზეთნაცხები უფუარი კვერები; ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი.

3. ჩააწყვე ერთ კალათაში და მოიტანე კალათით, კურატი და ორი ჭედილაც მოიყვანე.

4. მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.

5. აიღე შესამოსელი და შემოსე აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი.

6. თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმიდის ჯიღა მიუმაგრე თავსაბურველზე.

7. აიღე მირონი, თავზე დაასხი და სცხე.

8. მისი შვილებიც მოიყვანე და ისინიც შემოსე კვართით.

9. სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს.

10. მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა.

11. დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

12. აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს ძირს დაღვარე.

13. აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.

14. კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს.

15. მოიყვანე ერთი ჭედილა და თავზე დაადონ ხელები აარონმა და მისმა შვილებმა.

16. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს.

17. ნაწილებად დასჭერი ჭედილა, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დააწყვე ისინი ამ ნაწილებზე და თავზე.

18. დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.

19. მოიყვანე მეორე ჭედილა და თავზე დაადონ ხელი ჭედილას აარონმა და მისმა შვილებმა.

20. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, და ირგვლივ მოასხურე სისხლი სამსხვერპლოს.

21. აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და ასხურე აარონს, მის შესამოსელს, მის შვილებს და მათ შესამოსელს. გაინათლება იგი და მისი შესამოსელი, და მასთან ერთად მისი შვილები და მათი შესამოსელი.

22. აართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, ქონიანად, მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა).

23. ერთი პურის კოკორი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი ხმიადებიანი კალათიდან, უფლის წინაშე რომ დგას.

24. დაუწყვე ეს ყველაფერი ხელზე აარონს და მის შვილებს და შეარხიე უფლის წინაშე.

25. ხელიდან გამოართვი ეს ყველაფერი და აკმიე სამსხვერპლოზე აღსავლენ მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისათვის.

26. აიღე ხელდასხმის ჭედილას მკერდი, აარონისთვის რომ არის განკუთვნილი, და შეარხიე იგი უფლის წინაშე. ეს იქნება შენი წილი.

27. განათლე შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი, რომლებიც შეირხა და აღიმართა ხელავსების ჭედილასაგან, აარონისა და მისი შვილებისთვის რომ არის განკუთვნილი.

28. ეს იყოს აარონისთვის და მისი შვილებისოვის სამარადისო წესი ისრაელიანთაგან, რადგან აღმართვაა ეს და აღსამართავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან; სამადლობელო მსხვერპლიდან უნდა აღიმართოს იგი უფლისათვის.

29. წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება, რომ ამ შესამოსელში სცხონ მათ და აუვსონ ხელი.

30. შვიდ დღეს უნდა ემოსოს ეს შესამოსელი მის შვილს, ვინც მის ნაცვლად იქნება მღვდლად და მოვა სადღესასწაულო კარავთან, რომ სამსახური გასწიოს საწმიდარში.

31. აიყვანე ხელავსების ჭედილა და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი.

32. სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შეჭამონ აარონმა და მისმა შვილებმა ჭედილას ხორცი და პური, რომელიც კალათშია.

33. შეჭამონ ეს, რომლითაც მიღებული აქვთ მიტევება ხელავსებისთვის და კურთხევისთვის. გარეშე კაცმა უნდა შეჭამოს, რადგან წმიდაა იგი.

34. თუ დილისთვის დარჩა ხელავსების ხორცი და პური, ცეცხლში დაწვი მონარჩენი; არ იჭმევა, რადგან წმიდაა იგი.

35. ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის შვილებს, როგორც მე გიბრძანე. შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი.

36. ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მისატევებელ მსხვერპლთან ერთად, ცოდვებს ჩამორეცხავ სამსხვერპლოდან, როცა მიტევებას მიიღებ მასზე, და ზეთს სცხებ, რომ განათლო იგი.

37. ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მიტევების მსხვერპლთან ერთად და ცოდვას მოაშორებ სამსხვერპლოს, როცა მიტევებას იქმ მასზე, ზეთს სცხებ და წმიდა ჰყოფ მას.

38. შვიდ დღეს ჰქმენ მიტევება. სამსხვერპლოზე და განწმიდე იგი, და წმიდათა წმიდა გახდება სამსხვერპლო. რაც კი მიეკარება სამსხვერპლოს, წმიდა გახდება ყველაფერი.

39. აი, რა უნდა გქონდეს გამზადებული სამსხვერპლოსთვის: ორი ერთწლიანი ბატკანი ყოველდღიურად, მუდმივად.

40. ერთი ბატკანი დილისთვის გაამზადე, მეორე ბატკანი - საღამოსთვის.

41. ჰინის ნაოთხალ გამოხდილ ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი და ჰინის ნაოთხალი ღვინო საღვრელად ერთი ბატკნისათვის.

42. მეორე ბატკანი საღამოსთვის გაამზადე. როგორც დილის ბატკანი, ესეც ფქვილთან და საღვრელთან ერთად ამოდ საყნოსელად საცეცხლო მსხვერპლად შესწირე უფალს.

43. მუდმივ აღსავლენ მსხვერპლად თაობიდან თაობაში სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო.

44. აქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით ეს ადგილი.

45. წმიდავყოფ სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს, წმიდავყოფ აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.

46. დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.

47. შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტელთა ქვეყნიდან, რომ მათ შორის დავივანო; მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.