ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეცამეტე

1. უთხრა უფალმა მოსეს: აიყარეთ აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, და წადით იმ ქვეყნისკენ, რომელიც აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.

2. ანგელოზს წაგიმძღვარებთ წინ და ავყრი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთეელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს.

3. იმ ქვეყნისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი; მე აღარ ვივლი შენს შორის, რადგან თვითრჯული ხალხი ხართ და ვაითუ მოგსპოთ გზაში.

4. მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის გაუკეთებია სამკაული.

5. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: თვითრჯული ხალხი ხართ თქვენ: ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენს შორის, მოგსპობთ. მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.

6. მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები, ხორების მთიდან.

7. აიღო მოსემ კარავი და დაიდგა ბანაკს გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა სადღესასწაულო კარავი. ყველა, ვისაც კი რამე სათხოვარი ჰქონდა უფალთან, მიდიოდა, სადღესასწაულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იდგა.

8. როგორც კი წავიდოდა კარვისკენ მოსე, ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავისი კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა ყველა; შეჰყურებდნენ, მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა იგი.

9. როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს.

10. ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს; ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავის კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს.

11. პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს.

12. უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში.

13. და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში. იცოდე, რომ შენი ერია ეს ხალხი.

14. თქვა უფალმა: მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ.

15. უთხრა მოსემ: თავად შენ თუ არ წაგვიძეღი, ვერ გავალთ აქედან.

16. როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?

17. უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.

18. თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება.

19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.

20. თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.

21. თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე.

22. როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული.

23. როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება.