ძველი აღთქმა

გოდება იერემიასი

თავი პირველი

1. როგორ მარტო დარჩა ქალაქი, ოდესღაც ხალხმრავალი, ზის ქვრივი ქალივით; ხალხთა ქალბატონი და მხარეთა დედოფალი მოხარკე შეიქნა.

2. ტირის ღამ-ღამობით, ღაწვებზე ცრემლი სდის, არავინა ჰყავს ნუგეშისმცემელი, ყველამ უღალატა, მტრად გადაეკიდნენ მეგობრები.

3. გადაიხვეწა იუდა, დაბეჩავებული და დამონებული; დასახლდა უცხოთა შორის, ვერ უპოვნია მოსვენება; ვიწროებში დაეწივნენ მისი მდევრები.

4. მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი.

5. მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, ზეიმობენ მტრები, რადგან უფალმა დასაჯა იგი ბევრი ცოდვებისთვის; მის პატარებს ტყვეებად მირეკავენ მტრები.

6. გავიდა სიონის ასულისგან მთელი დიდება; მისი მთავრები ქურციკებს გვანან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ; და მდევრის წინ მიდიან ღონემიხდილნი.

7. გაიხსენა იერუსალიმმა თავისი ტანჯვისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველად ნაქონი; რომ დაეცა მისი ხალხი მცტრის ხელით და არავინ არის მისი მშველელი; შეჰყურებენ მას მტრები და საცინლად იგდებენ მის შაბათებს.

8. მძიმედ შესცოდა იერუსალიმმა, ამიტომაც შესაზიზღი შეიქნა, შეიძულა იგი ყოველმა მისმა მადიდებელმა, რადგან დაინახეს მისი სიშიშვლე; თავადაც ოხრავს და უკან იხევს.

9. კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა, და დაეცა საარაკოდ, არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოჰხედე ჩემს ტანჯვას, უფალო, რადგან განდიდდა მტერი.

10. მის საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან ხედავს, რომ შედიან მის საწმიდარში წარმართნი, ვისზედაც ბრძანე, არ შესულიყვნენ შენს კრებულში.

11. ოხრავს შენი ერი, პურის მძებნელი; საჭმელში ცვლიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან; მოიხედე, უფალო, და დაინახე, როგორ დავმცირდი.

12. ნუმც დაგემართოთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! მოიხედეთ, შეხედეთ, თუ ყოფილა სატკივარი ჩემი სატკივრის მსგავსი, მე რომ მჭირს, უფალმა რომ შემყარა თავისი რისხვით!

13. მაღლიდან ცეცხლი მოავლინა ჩემს ძვლებში; ფერხთა წინ ბადე გამიშალა, წამაქცია, დამაგდო ოხრად და სნეულად სამუდამოდ.

14. შეკრულია მისი ხელით ჩემი ცოდვების უღელი, შეკაზმულია და ქედზე მადგას, ძალა წამართვა; მათ ხელში მიმცა უფალმა, ვისგანაც ვეღარ წამოვდექი.

15. უფალმა გათელა ჩემს წიაღში ჩემი ფალავნები, მომისია ურდო, რომ შეემუსრა ჩემი მოყმენი; უფალმა გათელა, როგორც საწნახელში, იუდას ქალწული ასულები.

16. ამას დავტირი, ცრემლად იღვრება ჩემი თვალები, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი; ობლად დარჩნენ ჩემი შვილები, რადგან გამძლავრდა მტერი.

17. სიონი ხელებს იწვდის, არავინაა ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ იაკობს მტრები; სიბილწედ შეირაცხა იერუსალიმი მათ თვალში.

18. მართალია უფალი, რადგან ვეურჩე მის ბაგეს; გაიგონეთ, ხალხებო, და შეხედეთ ჩემს სატანჯველს; ჩემი ქალწულები და მოყმენი ტყვეობაში წავიდნენ.

19. ვუხმე ჩემს მოყვარულთ, მაგრამ მომატყუეს; ჩემი მღვდლები და უხუცესები იხოცებიან ქალაქში, რადგან ეძებენ პურს სულის მიასაბრუნებლად.

20. მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მეწვის ნაწლავები; გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ; გარეთ მახვილისგან შვილმკვდარი შევიქენი, შინაც სიკვდილია.

21. გაიგეს, როგორ ვკვნესი და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი; გაიგეს ჩემმა მტრებმა ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენგან არის მოწეული. ოჰ, ერთი მოაწევდე დღეს, შენ დათქმულს, რომ ჩემსავით გახდნენ ისინი!

22. ოჰ, ერთი მოაწევდეს შენამდე მათი სიბოროტის ამბავი, რომ ისევე მოექცე მათ, როგორც მე მომექეცი ჩემი ცოდვებისთვის, რადგან გამრავლდა ჩემი ოხვრა-კვნესა და შემიღონდა გული.