ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეათე

1. ისმინე სიტყვა, რაც შენზე თქვა უფალმა, ისრაელის სახლო!

2. ასე თქვა უფალმა: ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს, ნუ შეგეშინდებათ ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ.

3. რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.

4. ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს.

5. ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე.

6. არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი სახელი.

7. ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში.

8. ყველანი შეიშალნენ, გამოტვინდნენ, ხის კერპია მათი ჭკუისმასწავლებელი,

9. თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლის ნახელავი, გამომდნობელის ხელიდან გამოსული; ლურჯი და მეწამული სამოსელი მოსავთ, ოსგატთა ხელით დამზადებული.

10. უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.

11. ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან.

12. ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,

13. მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.

14. ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.

15. არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.

16. ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

17. აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ციხე-ქალაქში მცხოვრებო!

18. რადგან ასე თქვა უფალმა: აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ქვეყნის მცხოვრებლებს; შევაჭირვებ მათ, რომ მიპოვონ.

19. ვაი, უბედურო თავო, უკურნებელო წყლულო! ვფიქრობდი, გადავიტანდი ამ სნეულებას.

20. დაცარიელდა ჩემი კარავი, დაწყვეტილია ყველა თოკი, შვილები წამივიდნენ; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამჭიმავი.

21. რადგან შეიშალნენ მწყემსები და აღარ ეკითხებიან უფალს, ამიტომაც უჭკუოდ იქცევიან და მთელი სამწყსო დაეფანტათ.

22. აჰა, ხმა მოდის და მიწა იძვრის ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ და ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები.

23. ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.

24. დამსაჯე, უფალო, ოღონდ სიმართლით და არა რისხვით, რომ არარაობად არ მაქციო.

25. გადმოანთხიე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გცნობენ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, შეჭამეს იგი, ბოლო მოუღეს მას და გააპარტახეს მისი სადგომები.