ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეთხუთმეტე

1. მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ.

2. თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში.

3. მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად.

4. საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის იუდას მეფის, მენაშე ხიზკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში.

5. რადგან ვის შეებრალები, იერუსალიმო? ვის დაენანები? ვინ მოტრიალდება, რომ იკითხოს შენი ამბავი?

6. შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ.

7. გავანიავე ისინი სანიავებლით ქვეყნის კარიბჭეთა მიღმა; ძირიანად ამოვაგდე, გავანადგურე ჩემი ერი, რადგან არ მოიქცნენ თავიანთი გზიდან.

8. ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.

9. ღონემიხდილია შვიდის მშობელი, სულს ღაფავს, შუადღისას ჩაესვენა მისი მზე; შერცხვენილია და გაწბილებული. დანარჩენებს მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე, ამბობს უფალი.

10. ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მბრალდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ! არც გამისესხებია და არცვის უსესხებია ჩემგან, და მაინც ყველანი მე მწყევლიან.

11. ამბობს უფალი: რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, არც მტრებს მოგისევდი სიმძიმილის და გასაჭირის ჟამს.

12. რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს?

13. შენს დოვლათს და განძეულობას, რაც შენს საზღვრებშია, უსასყიდლოდ დავატაცებინებ ყველა შენი ცოდვის გამო.

14. შენს მტრებს გავატან ქვეყანაში, რომელიც შენ არ იცი; რადგან ჩემი რისხვით ანთებული ცეცხლი თქვენ შემოგენთებათ.

15. შენ იცი, უფალო, გამიხსენე და მომხედე, გაუსწორდი ჩემს მდევრებს. ნუ დამღუპავს შენი სულგრძელობა; იცოდე, შენი გულისთვის ვითმენ დამცირებას.

16. ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.

17. ლაზღანდარებში არ ვმჯდარვარ და არ გავლაღებულვარ; ცალკე ვიჯექი შენს ხელქვეშ, რადგან ამავსე ბრაზით.

18. ამდენხანს რად გასტანა ჩემმა სენმა? რატომ გამიარჯლდა ჭრილობა და არ იკურნება? მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი.

19. ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენსკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ.

20. დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და დაგიფარო, ამბობს უფალი.

21. დაგიფარავ ბოროტმოქმედთაგან და დაგიხსნი უწყალოთა ხელიდან.