ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეცხრამეტე

1. ასე ამბობს უფალი: წადი, იყიდე მეთუნისგან თიხის დოქი, წაიყვანე ხალხის უხუცესნი და მღვდლების უხუცესნი.

2. გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.

3. თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: აჰა, მომაქვს ამ ადგილისთვის უბედურება, რომლის გამგონეს ყველას ყურები აუზრიალდება.

4. ეს იმის გულისთვის, რომ დამივიწყეს და გააუცხოვეს ეს ადგილი; უკმევენ აქ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ და არც მათი მამა-პაპანი - იუდას მეფეები იცნობდნენ. აავსეს უბრალოთა სისხლით ეს ადგილი.

5. აღმართეს ბაალის საკერპოები, რათა ცეცხლში დაუწვან თავიანთი შვილები ბაალს აღსავლენ მსხვერპლად, რაც არ მიბრძანებია მათთვის, არც მითქვამს, ფიქრადაც არ მომსვლია.

6. ამიტომ, აჰა, ახლოვდება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰინომის ველი, არამედ სასაკლაო ველი.

7. ჩავშლი იუდას და იერუსალიმის თათბირს ამ ადგილას, დავცემ მათ მახვილით მტრების თვალწინ, მათი ხელით, ვინც მოსაკლავად დასდევს მათ. გადავუყრი მათ გვამებს შესაჭმელად ცის ფრინველებს და ველის მხეცებს.

8. საფრთხობელად და სასტვენელად ვაქცევ ამ ქალაქს. ყოველი ჩამვლელი შეძრწუნდება და სტვენას მოჰყვება მისი ჭრილობების შემხედვარე.

9. საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს შევაჭმევ მათ; ერთმანეთის ხორცს დაუწყებენ ჭამას ალყაში და გაჭირვებაში, როცა მტრები და მათი მესისხლენი შეაჭირვებენ მათ.

10. გატეხე დოქი იმ ხალხის თვალწინ, თან რომ წამოგყვნენ.

11. უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ასე გავტეხავ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ტეხს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომელიც აღარ გამრთელდება. თოფეთში დაუწყებენ დამარხვას, დასამარხავი ადგილი რომ აღარ ექნება.

12. ასე მოვექცევი ამ ადგილს, ამბობს უფალი, და მის მცხოვრებლებს; თოფეთს დავამსგავსებ ამ ქალაქს.

13. იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით გაუწმიდურდება; ასევე ყველა სახლი, რომლის ბანზეც ცის ვარსკვლავებს უკმევენ და უცხო ღმერთებს უღვრიან საღვრელს.

14. წამოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც გაგზავნა იგი უფალმა საქადაგებლად, და გაჩერდა უფლის სახლის ეზოში და გამოუცხადა მთელს ხალხს:

15. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს ამ ქალაქისთვის და მისი დაბებისთვის უბედურება, რაც ნათქვამი მაქვს მათზე, რადგან გაჯიუტდნენ და არ გაიგონეს ჩემი სიტყვა.