ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცხრამეტე

1. იუდას მეფის, ციდკიას მეცხრე წელს, მეათე თვეს, მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმს და ალყა შემოარტყა.

2. ციდკიას მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გატყდა ქალაქი.

3. შემოვიდნენ ბაბილონის მეფის სარდლები და შუა კარიბჭესთან გაჩერდნგნ - ნერგალ-სარეცერი, სამგარნებუ, სარსექიმი, საჭურისთა უხუცესი, ნერგალ სარეგერი, რაბ-მაგი და ბაბილონის მეფის დანარჩენი სარდლები.

4. როგორც კი დაინახეს ისინი იუდას მეფე ციდკიამ და მისმა მეომრებმა, გაიქცნენ და გავიდნენ ღამით ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, კარიბჭეში, ორ კედელს შორის რომ არის, და დაადგნენ ყარაბას გზას.

5. უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.

6. თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიას. იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ.

7. თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ.

8. მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს.

9. ხოლო დანაშთომი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და მის მხარეზე გადასულნი, და დანაშთომი ხალხი, ვინც დრჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა.

10. ღარიბ-ღატაკნი, რომელთაც არაფერი ებადათ, დატოვა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, იუდას ქვეყანაში და მისცა მათ ვენახები და ყანები იმავე დღეს.

11. ხოლო იერემიას საქმე ნებუზარადანს, ქონდაქართუხუცესს, მიანდო ბაბილონის მეფემ და უთხრა:

12. წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, არაფერი დაუშავო, არამედ ისე მოექეცი, როგორც თავად გითხრას.

13. გაგზავნეს ხალხი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, ნებუშაზბანმა, საჭურისთუხუცესმა, ნერგალ-სარეცერმა, რაბ-მაგმა და ბაბილონის მეფის დიდებულებმა,

14. გაგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან და ჩააბარეს გედალიას, ასიკამის ძეს, შაფანის ძეს, რომ შინ გაეშვა. ასე დარჩა იგი ხალხში.

15. საყარაულო ეზოში პატიმრად ყოფნისას უფლის სიტყვა იყო იერემიას მიმართ ნათქვამი:

16. წადი, უთხარი ყებედ-მელექს, ეთიოპიელს: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, ბოროტად ავახდენ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს, არა კეთილად. იმ დღესვე, შენს წინაშე ახდება ყველაფერი.

17. შენ დაგიფარავ იმ დღეს, ამბოხს უფალი, და არ ჩავარდები იმ ხალხის ხელში, ვისიც გეშინია.

18. ნამდვილად გიხსნი და მახვალით არ დაეცემი, ნადავლად დაგრჩება სიცოცხლე, რადგან ჩემი იმედი გქონდა, ამბობს უფალი.