ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეხუთე

1. მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიათვალ-მოათვალიერეთ და ეძებეთ მის მოედნებზე. აბა, თუ იპოვნით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს! მაშინ მივუტევებდი იერუსალიმს.

2. თუმცა ცოცხალ არს უფალიო, ამბობენ, მაგრამ ცრუდ იფიცავენ.

3. უფალო, განა ჭეშმარიტებისკენ არ არის მიქცეული შენი თვალები? სცემ მათ, მაგრამ არ სტკივათ; ანადგურებ მათ, მაგრამ ჭკუას არ სწავლობენ. კლდესავით გაიმაგრეს სახე, არ სურთ მოქცევა.

4. ვიფიქრე, ბეჩავნი არიან ისინი, უგუნურნი-მეთქი; არ იციან უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი.

5. წავალ წარჩინებულებთან და დაველაპარაკები-მეთქი, მათ ეცოდინებათ უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი, მაგრამ მათაც დაულეწიათ უღელი და დაუყწყვეტიათ აპეურები.

6. ამიტომაც დაგლეჯს მათ მაღნარის ლომი, უდაბნოს მგელი გააჩანაგებს მათ; ვეფხვი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს; ყოველი გარეთ გამსვლელი დაიგლიჯება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები, გახშირდა მათი განდგომილებანი.

7. როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.

8. ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ.

9. როგორ დავტოვო დაუსჯელნი, ამბობს უფალი, ასეთ სალხს როგორ არ მიაგოს სამაგიერო ჩემმა სულმა?

10. დაუარეთ მის ვაზებს და გაანადგურეთ, მაგრამ საბოლოოდ არ მოსპოთ; ტოტები შეაჭერით, რადგან უფლის არ არიან ისინი.

11. რადგან ღალატით მიღალატეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა, ამბობს უფალი.

12. უარჰყვეს უფალი და თქვეს: აღარ არის იგი და უბედურებაც არ გვეწევაო, არც მახვილს, არც შიმშილს არ ვიხილავთო.

13. წინასწარმეტყველნი ქარით არიან სავსენიო, სიტყვა არ არისო მათში. ასემც დაემართოთ მათ!

14. ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: იმის გამო, რომ ამ სიტყვებს ამბობთ, აჰა, ცეცხლივით ჩაგიდებთ ბაგეებში ჩემს სიტყვას. ეს ხალხი შეშა იქნება და ცეცხლი შთანთქავს მათ.

15. აჰა, მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, მაგარ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგეს, რას ლაპარაკობს.

16. ღია სამარეა მისი კაპარჭი, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი.

17. გადაჭამს შენს მოსავალს და შენს პურს, შეჭამს შენს ვაჟებს და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამს შენს ყურძენს და ლეღვს, მახვილით დააქცევს შენს ციხე-ქალაქებს, რომელთა იმედი გაქვს.

18. იმხანადაც კი, ამბობს უფალი, არ მოგსპობო საბოლოოდ.

19. როცა იკითხავენ: რის სანაცვლოდ დაგვმართა ეს ყველაფერი უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო, მიუგე: როგორც მე მიმატოვეთ და ემორჩილებოდით უცხო ღმერთებს თქვენს საკუთარ ქკეყანაში, ასევე დაემორჩილებით უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ იქნება.

20. გამოაცხადეთ ეს იაკობის სახლში და მოასმენინეთ იუდაში:

21. ისმინე ეს, ბრიყვო და უგულო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერაფერს ხედავს, ყური ასხია და არაფერი ესმის!

22. არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.

23. ამ ხალხს კი მოუთოკავთ და შეუპოვარი გულთ აქვს; განდგნენ და წავიდნენ,

24. არ თქვეს გულში: გვეშინოდესო უფლის, ჩვენი ღვთისა, რომელიც დროულად გვაძლევს წვიმას - შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმას, თავ-თავის დროზე, და გვინახავს სამკალად დადგენილ შვიდეულებს.

25. თქვენმა უკუღმართობამ გაამრუდა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა მოგაკლოთ სიკეთე.

26. რადგან იპოვებიან ჩემს ერში ბოროტეულნი, რომელნიც ჩასაფრებულან ფრინველთმჭერებივით, დაუდგამთ ხაფანგები და ადამიანებს იჭერენ.

27. როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ასევე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ასე გალაღდნენ ისინი და გამდიდრდნენ.

28. გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ.

29. როგორ არ მოვთხოვო პასუხი ამათ გამო? ამბობს უფალი, როგორ არ მიაგოს ასეთ ხალხს სამაგიერო ჩემმა სულმა?

30. საშინელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქვეყანაში.

31. ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?