ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი მეთერთმეტე

1. როცა გაიგო ეს ამბები იაბონმა, ხაცორის მეფემ, შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს,

2. და მეფეებს, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთით მთაზე და ველზე ქინორეთის სამხრეთით, შეფელაში და ნაფთოთ-დორში, დასავლეთით,

3. აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, მთის იებუსელებს და ხერმონისძირა ხეთელებს მიცფას ქვეყანაში.

4. ისინი მოვიდნენ მთელი თავიანთი ლაშქრითურთ, ზღვის ქვიშასავით უთვალავი ხალხით, უამრავი ცხენებითა და ეტლებით.

5. შეიყარა ყველა ეს მეფე, წავიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერიმის წყლებთან, რომ ისრაელიანებს შებრძოლებოდნენ.

6. უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროსთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები.

7. მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებითურთ მერომის წყლებთან და დაესხა თავს.

8. ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე, აღმოსავლეთისკენ. მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ.

9. ისე მოექცა მათ იესო, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერა და ცეცხლს მისცა ეტლები.

10. მაშინვე გამობრუნდა იესო და აიღო ხაცორი, და მახვილით განგმირა მისი მეფე, რადგან წინათ ხაცორი ყველა ამ სამეფოს თავი იყო.

11. მახვილით მოსრეს ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არცერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ. ხაცორს კი ცეცხლი წაუკიდეს.

12. ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ და მახვილით მოსრა. გაანადგურა ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლის მორჩილს, მოსეს.

13. ოღონდ თავ-თავის ბორცვებზე გაშენებული ყველა ქალაქი როდი გადაუწვავთ ისრაელიანებს, ერთადერთი ნაცორი გადაწვა იესომ.

14. ამ ქალაქის ნადავლი და პირუტყვი წამოასხეს თავისთვის ისრაელიანებმა, მთელი ხალხი კი მოსრეს მახვილით, ისე რომ მთლიანად ამოწყვიტეს, ერთი სულიც არ დაუტოვებიათ.

15. როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, თავის მორჩილს, ისევე უბრძანა მოსემ იესოს და ისევე მოიქცა იესო: ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

16. დაიპყრო იესომ მთელი ეს ქვეყანა, მთა და მთელი ნეგები, გოშენის მთელი მხარე, შეფელა და ყარაბა, ისრაელის მთა და მისი ბარი.

17. ხალაკის მთიდან მოკიდებული, სეყირს აღმა ბაყალ-გადამდე ლიბნის დაბლობზე, ხერმონის ძირას, ყველა მეფე შეიპყრო და დახოცა.

18. დიდხანს ებრძოდა იესო ამ მეფეებს.

19. არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს, ხივიელთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს.

20. რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან საბრძოლველად, რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის შეწყალება; რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს.

21. იმხანადვე გაემართა იესო და ამოწყვიტა ყანაკები მთაში, ქალაქებიანად მოსპო ისინი იესომ.

22. გადაშენდნენ ყანაკები ისრაელიანთა ქვეყნიდან. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ.

23. დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, შტოებისთვის დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ.