ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი მეორე

1. გაგზავნა ფარულად იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ორი მსტოვარი და დააბარა მათ: წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხონი. ისინიც წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის სახლში. და ღამე გაათიეს იქ.

2. ამბავი მოუვიდა იერიხონის მეფეს: აჰა, ხალხი მოსულა აქ ღამით ისრაელიანთაგან ქვეყნის დასაზვერად.

3. შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს: გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ, სახლში რომ გყავს, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი.

4. ადგა და დამალა ქალმა ეს ორი კაცი, თქვა: მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ.

5. მწუხრისას, კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ ის კაცები, არ ვიცი, საით წავიდნენ; საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით.

5. თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში, სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი.

7. მდევრები კი დაედევნენ მათ. გარბოდნენ იორდანისკენ მიმავალ გზაზე, ფონამდე. ქალაქის კარიბჭე მდევრების გასვლისთანავე ჩაკეეს.

8. ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან, სხვენზე.

9. უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.

10. რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელო სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ.

11. შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე.

12. ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ.

13. დაინდეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი ძმები და დები, და ყველანი, ვინც კი მათ ჰყავთ; გვიხსენით სიკვდილისგან.

14. უთხრეს კაცებმა: თავს დავდებთ შენთვის, თუ არ გააცხადებ ამ ჩვენს ამბავს. და როცა უფალი მოგვცემს ამ ქვეყანას, ჩვენც სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ.

15. სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი, გალავანში ცხოვრობდა იგი.

16. უთხრა მათ ქალმა: მთაში წადით, მდევრებს რომ არ გადააწყდეთ, სამ დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე მდევრები დაბრუნდებოდნენ. მერე კი თქვენს გზას დაადექით.

17. უთხრეს კაცებმა: თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისგან, რითაც დაგვაფიცე,

18. თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.

19. თუ მოხდა და, შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს. ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ ხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ.

20. თუ გათქვამ ამ ჩვენს საქმეს, თავისუფალნი ვარ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.

21. თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი.

22. წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ სამ დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელს გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს.

23. დაბრუნდა ეს ორი კაცი; მთიდან დაეშვნენ, გაღმა გავიდნენ, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ.

24. უთხრეს იესოს: უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებული ყოფილან ჩვენგან.