ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა

თავი მეხუთე

1. ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური,

2. რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა.

3. რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.

4. ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება;

5. მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები.

6. ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ იცის სად მიდის.

7. ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს:

8. შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს,

9. რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები - დაუნდობელს,

10. რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით - მტრის სახლში.

11. ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.

12. იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!

13. არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო.

14. რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო!

15. სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან,

16. გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე - წყლის ნაკადები.

17. მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ,

18. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.

19. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;

20. რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?

21. რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება.

22. საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.

23. ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.