ძველი აღთქმა

იობი

თავი მეთერთმეტე

1. მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:

2. განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს?

3. შენი ფუჭსიტყვაობა ჩააჩუმებს ადამიანებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი?

4. შენ ამბობ, მართლად განვსჯიო და სუფთა ვართო მის თვალში.

5. ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ!

6. გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება.

7. ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?

8. ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია, რას შეიცნობ?

9. დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი.

10. თუ ჩაივლის, დაატუსაღებს და მსჯავრს დასდებს - წინ ვინ აღუდგება?

11. რადგან ის ცნობს ცრუ ხალხს; ის ხედავს ბოროტებას და იმახსოვრებს.

12. ქარაფშუტა კაცი განისწავლება და ველური ვირის ჩოჩორიც კი ადამიანად იქცევა!

13. თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,

14. თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში,

15. მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება.

16. რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ;

17. შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება;

18. დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ;

19. იწვები და არავინ შეგაშინებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.

20. ბოროტმოქმედთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ თავშესაფარი და გაქარწყლდება მათი იმედები.