ძველი აღთქმა

იობი

თავი მეთექვსმეტე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი.

3. თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ პასუხს როძ იძლევი?

4. მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით?

5. გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ.

6. თუ ვლაპარაკიაბ, ტკივილი არ მიამდება, ვდუმვარ და რა მშორდება?

7. მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი სახლი!

8. ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება.

9. მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე;

10. პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემს წინააღმდეგ.

11. უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში.

12. უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.

13. გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.

14. გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემსკენ.

15. ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება.

16. სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.

17. თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო!

18. მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება!

19. ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია!

20. ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი,

21. რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან.

22. რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები.