ძველი აღთქმა

იობი

თავი მეოცე

1. მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:

2. ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი.

3. ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს სული:

4. ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე:

5. ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.

6. თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,

7. თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო?

8. გაფრინდება როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვნის; ღამის ჩვენებასავით გაუჩინარდება;

9. თვალი, რომელიც ხედავდა მას, ვეღარ იხილავს; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ვერასოდეს;

10. მისი შვილები შეუვრდებიან გაღატაკებულთ და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს;

11. სიჭაბუკით სავსე მისი ძვლები მასთან ერთად ჩაესვენებიან მიწაში;

12. თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს მას,

13. თუმცა ენანება გადმოსაგდებად და სასაში იჩერებს,

14. უნასის შხამად ექცევა საჭმელი ნაწლავებში.

15. ყლაპავს დოვლათს და ისევ ამოარწყევს, მუცლიდან გამოუდევნის მას ღმერთი.

16. უნასთა შხამს მოსწოვს ის, იქედნეს ენა მოკლავს მას.

17. ვერ იხილოს მან თაფლისა და რძის ნაკადულები, მდინარეები და ნიაღვრები!

18. დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ გაიხარებს;

19. რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ-ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომლებიც არ უშენებია;

20. რადგან მოსვენება არ იცოდა თავის შიგანში, სასურველს ვერაფერს გადაარჩენს;

21. ნამცეციც არ დარჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა;

22. თავის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი მაშვრალის ხელი მისწვდება მას.

23. მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე;

24. გაექცევა რკინის იარაღს და განგმირავს მას სპილენძის მშვილდი;

25. შუბი გააღწევს მის გვამში, ელვარე მახვილი - მის გულ-ბოყვში; და შიშის ზარი დაეცემა მას.

26. მთელი წყვდიადი მის საგანძურად ინახება, შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, განადგურდება მის კარავში ნატამალი;

27. ამხილებს ცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ;

28. წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს.

29. ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი.