ძველი აღთქმა

ივდითი

თავი მერვე

1. მოესმა ეს ამბები იმხანად ივდითს, ასულს მერარისა, ძისა ოქსისა, ძისა იოსებისა, ძისა ყუზიელისა, ძისა ხილკიასი, ძისა ხანანიასი, ძისა გედეონისა, ძისა რაფაიმისა, ძისა ახიტობისა, ძისა ელიასი, ძისა ელიაბისა, ძისა ნათანაელისა, ძისა შელამიაჰუსი, ძისა შარაშადაისა, ისრაელიანისა.

2. მისი ქმარი მენაშე მისივე გვარისა და ტომისა იყო. პურის მკის ჟამს მოკვდა იგი.

3. მინდორში ძნების მკონავებს ადგა თავს, დაისიცხა, ჩავარდა ლოგინად და აღესრულა ბეთულიაში, თავის ქალაქში. დაკრძალეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, ველზე, რომელიც მდებარეობს დოთანსა და ბალამონს შორის.

4. სამი წელი და ოთხი თვე ქვრივობდა ივდითი თავის სახლში.

5. გაიკეთა თავისთვის კარავი საცხოვრებელ სახლთან, წელზე ძაძა შემოირტყა და სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვა.

6. მარხულობდა თავისი ქვრივობის ყოველ დღეს, პარასკევისა და შაბათის გარდა, ახალმთვარობის წინა დღისა და ახალმთვარობა დღის გარდა, ისრაელის სახლის დღესასწაულებისა და სამხიარულო დღეების გარდა.

7. მშვენიერი იყო გარეგნობით და ძალზე ლამაზი შესახედავი. დაუტოვა მისმა ქმარმა მენაშემ ოქრო და ვერცხლი, ყმები და მხევლები, საქონელი და მინდვრები და ისიც პატრონობდა ამას ყველაფერს.

8. აუგს ვერავინ იტყოდა მასზე, ძალზე ღვთისმოშიში იყო.

9. როცა მოისმინა მან ხალხის ბოროტი ნათქვამი მთავრის მიმართ, რადგან სულმოკლენი გახდნენ ისინი წყლის უკმარისობის გამო, მოისმინა ყოველი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა მათ წინაშე ყუზიამ, როგორც შეჰფიცა, რომ ხუთი დღის შემდეგ ჩააბარებდა აშურელებს ქალაქს,

10. გაგზავნა თავისი მოახლე, მთელი თავისი ქონების ზედამხედველი, ხაბრისისა და ხარმისის, თავისი ქალაქის უხუცესების დასაძახებლად.

11. რომ მოვიდნენ მასთან, უთხრა: მისმინეთ ბეთულიას მკვიდრთა მთავარნო! უსამართლოა თქვენი სიტყვები, ხალხის წინაშე რომ წარმოთქვით იმ დღეს და ფიცით დაამტკიცეთ ის, რაც თქვით ღმერთსა და ჩვენს შორის, რომ ჩააბარებთ ქალაქს ჩვენს მტრებს, თუ უფალი არ მოგვივლენს წყალობას.

12. ვინ ხართ თქვენ, ღმერთს რომ გამოსცდით დღევანდელ დღეს და ღმერთზე მაღლა დამდგარხართ ადამიანთა შორის.

13. ყოვლისმპყრობელ უფალს გამოსცდით, მაგრამ ვერაფერს მიხვდებით უკუნისამდე.

14. თუკი ადამიანის გულის სიღრმეს ვერ ჩაწვდით და მისი გონების სიტყვები ვერ გაიგეთ, როგორღა შეიცნობთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს ყოველივე? მის აზრს როგორღა მისწვდებით? მის განსჯას როგორ გაიგებთ? ნუ ძმებო, ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს!

15. თუ არ ისურვებს ხუთ დღეში ჩვენს შეწევნას, მისი ნებაა. როცა მოიწადინებს, მაშინ მოგვხედავს ან გაგვანადგურებს ჩვენი მტრების თვალწინ.

16. თქვენ კი წინასწარ ნუ განსჯით უფლის, ღმერთის განგებას, რადგან ღმერთი კაცი არაა, რომ დავემუქროთ, ადამის ძე არაა, რომ განვსაჯოთ.

17. ამიტომაც ველოდით მისგან ხსნას, ვუხმოთ შემწედ და გაიგებს ჩვენს ხმას, თუკი ინებებს.

18. რადგან არავინაა დღესდღეობით ჩვენს თაობაში, არც ტომი, არც გვარი, არც ხალხი, არც ჩვენი რომელიმე ქალაქი, ხელთქმნილ კერპებს რომ ემსახურებოდეს, როგორც ეს ხდებოდა უწინ.

19. რისთვისაც მიეცა ჩვენი მამა-პაპა მახვილსა და განადგურებას და დიდ განსაცდელში ჩაცვივდნენ ჩვენი მტრების თვალწინ.

20. ჩვენ კი სხვა ღმერთს არ ვიცნობთ მის გარდა, ამიტომაც გვეიმედება, რომ არ მოგვიძულებს ჩვენ და ჩვენს მოდგმას.

21. რადგან ჩვენი დაპყრობით დაპყრობილ იქნება მთელი იუდა, შეიბღალება ჩვენი სიწმიდენი და ჩვენს სისხლს მოჰკითხავს უფალი მათ უწმიდურებას.

22. ჩვენ თანამოძმეთა გაწყვეტას, ქვეყნის წარტყვევნას და ჩვენი სამკვიდრებლის გაუდაბურებას ჩვენზევე მოაქცევს იმ ხალხთა შორის, რომელთა მონები გავხდებით აქ. საკიცხველნი და საგინებელნი შევიქნებით ჩვენ დამმონებელთა წინაშე.

23. რადგან მონობა ვერ მიგვამთხვევს მადლს, პირიქით, უპატიობად გადააქცევს მას უფალი, ღმერთი ჩვენი.

24. ახლა კი, მოძმეებო, ვუჩვენოთ მაგალითი ჩვენ მოძმეებს, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე, ჩვენზე დგას სიწმიდენი, ტაძარი და სამსხვერპლო.

25. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მადლობა მივაგოთ უფალს, ღმერთს, რომელიც გვცდის ჩვენ, როგორც ჩვენს მამა-პაპას ცდიდა.

26. გაიხსენეთ, რა უყო მან აბრაამს, როგორ გამოსცადა ისაკი, რა არ გადახდა თავს იაკობს შუამდინარეთში, დედის ძმის, ლაბანის ცხვრებს რომ მწყემსავდა.

27. და როგორც ისინი არ გამოუტარებია ცეცხლში მათი გულების გამოსაცდელად, არც ჩვენ დაგვსჯის, არამედ ჭკუის სასწავლად გვტანჯავს უფალი თავისიანებს.

28. უთხრა მას ყუზიამ: ყველაფერი, რაც თქვი, კეთილი გულით იყო ნათქვამი, და არც წინააღმდეგია ვინმე შენი სიტყვებისა,

29. რადგან მხოლოდ დღეს არ გამხდარა ნათელი შენი სიბრძნე, არამედ შენი დღეების დასაბამითგან შეიცნო მთელმა ხალხმა შენი გამჭრიახობა, თუ რაოდენ სათნოა შენი გულისპასუხი.

30. მაგრამ ხალხი დაშვრა წყურვილისგან და გვაიძულა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მათ ველაპარაკეთ და დაგვადებინა ფიცი, რომელსაც ვერ გადავალთ.

31. ახლა კი, ევედრე ჩვენთვის, რადგან ღვთისნიერი ქალი ხარ და მოგვივლენს უფალი წვიმას ჩვენი წყალსაცავების ასავსებად, რომ არ დავიხოცოთ.

32. უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი და ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას ჩვენ მოდგმაში.

33. დადექით ამ ღამეს კარიბჭესთან, მე კი ჩემს მოახლესთან ერთად გავალ და იმ ხანში, რომლის მერე ჩვენი მტრებისთვის ქალაქის გადაცემა განგიზრახავთ, ჩემი ხელით შეეწევა უფალი ისრაელს.

34. ნუ გამოიძიებთ ჩემს საქმეს, მაინც არაფერს გეტყვით, ვიდრე არ აღსრულდება ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ.

35. მიუგეს მას ყუზიამ და მთავრებმა: მშვიდობით იარე, უფალი ღმერთი იყოს შენი მფარველი ჩვენს მტრებზე შურისსაძიებლად.

36. გამოვიდნენ ისინი კარვიდან და მიაშურეს თავთავიანთ ადგილებს.