ძველი აღთქმა

ივდითი

თავი მეცხრე

1. პირქვე დაემხო ივდითი, გაიხადა ძაძა, რომელიც ემოსა და დაიყარა თავზე ნაცარი და იმ დროს, როცა იერუსალიმში, ღვთის სახლში, მწუხრისას გუნდრუკი აკმიეს, ხმამაღლა შეჰღაღადა უფალს და თქვა:

2. უფალო, ღმერთო მამაჩემის, სიმონისაო, რომელსაც მიეც ხელში მახვილი უცხოთესლთა შურის საძიებლად, რომელთაც შესაბილწავად გახსნეს ქალწულის საშო, შესარცხვენად გააშიშვლეს ბარძაყი, საგინებლად შებილწეს საშო. კი თქვი: ნუ იქნება ასე. მაგრამ მათ ჩაიდინეს ეს.

3. ამის წილ სასიკვდილოდ მიეცი მათი მთავრები და მათივე სისხლით მორწყე მათი ცოდვის მხილველი სარეცელი. მონები ძლიერებზე დაამხე, ძლიერნი კი თვიანთ სავარძლებზე.

4. მათი ცოლები ნადავლად მიეცი, მათი ასულები - დასატევევებლად, მთელი მათი ალაფი - დასანაწილებლად შენ რჩეულ ძეთა შორის, რომელნიც აღივსნენ შენს მიმართ შურით და შეიძაგეს მათი სისხლის სიბილწე და გიხმეს შემწედ, ღმერთო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემიც, ქვრივისა.

5. შენ შექმენ მათი წინანი, თავად ისინი და მათი შემდგომნი; აწინდელი და მომავალი შენ ჩაიფიქრე და აღსრულდა შენი ჩანაფიქრი.

6. ვისაც მოისურვებ, გაჩნდება და გეტყვის: აჰა, შენთან ვართ, რადგან გამზადებულია ყოველი შენი გზა და წინასწარგანჭვრეტილია შენი მსჯავრი.

7. აჰა, მოიცეს ძალი აშურელებმა, გადიდგულდნენ ცხენებითა და მხედრებით, გაამაყდნენ ქვეითთა ძალით, ესავენ ფარებს, ისრებს და შურდულებს, არ კი იციან, რომ შენ ხარ უფალი, ბრძოლათა შემმუსვრელი.

8. უფალია სახელი შენი, გატეხე მათი ძალა შენი ძლიერებით, დაამხე მათი მძლავრობა შენი რისხვით, რადგან განიზრახეს შენი სიწმიდეების წაბილწვა, იმ კარვის შებღალვა, სადაც დავანებულია შენი დიდებული სახელი, მახვილით შემუსვრა შენი საკურთხევლის რქისა.

9. მოხედე მათ ამპარტავნობას და თავს დაათიე შენი რისხვა. მიეც ქვრივის ხელებს ძალა განზრახვის აღსასრულებლად.

10. ჩემი ბაგეებიდან გამოსული ტყუილით დაამხე მონა მთავართან ერთად, მთავარი მის მსახურთან ერთად, ქალის ხელით დათრგუნე მათი ამპარტავნობა.

11. რადგან სიმრავლეში არ არის შენი ძალა, არც ძლიერებაშია შენი ძალა, არამედ მდაბალთა ღმერთი ხარ, დამცირებულთა ქომაგი, უძლურთა შემწე, განწირულთა მფარველი, უსასოთა მხსნელი.

12. ასე, ასე, ღმერთო ჩემი მამა-პაპისა და ისრაელის სამკვიდროსი, ზეცისა და მიწის მპყრობელო, წყალთა შემქმნელო, ყოველი შენი ქმნილების მეუფევ, ისმინე ჩემი ვედრება.

13. ჩამაგონე სიტყვა და ტყუილი მათ სავნებლად და სატანჯველად, რომელთაც შენს აღთქმას, შენს განწმედილ სახლს, სიონის მწვერვალს და შენს ძეთა სამკვიდრებელ სახლს ბოროტი უზრახეს.

14. შეაგნებინე და დაანახვე ყველა ტომს და ყველა მოდგმას, რომ ხარ ღმერთი ყოველი ძალისა და სიმტკიცისა, რომ შენს გარდა არავინ ჰყავს სხვა მფარველი ისრაელის მოდგმას.