ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი ოცდამესამე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: აჰა, საუფლო დღესასწაულები, როდესაც უნდა გამოაცხადო ისინი - წმიდა შეკრებულობანი. აჰა, ჩემი დღესასწაულები.

3. ექვსი დღე აკეთეთ საქმე; მეშვიდე დღეს კი განსვენების შაბათია, წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს იყოს უფლის შაბათი მთელს თქვენს სცხოვრებლებში.

4. აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრებულობანი, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე:

5. პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს უფლის პასექია.

6. ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ.

7. პირველ დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ.

8. შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.

9. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

10. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, და სამკალს მკას დაუწყებთ, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ.

11. შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე თქვენს დასამწყალობნებლად.

12. მოამზადეთ ძნის შერხევის დღეს წელგამოვლილი საღი ცხვარი უფლისთვის აღსავლენად.

13. სამაგისო საძღვნო - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და სამაგისო ზედაშე მეოთხედი ჰინი ღვინო.

14. არც პური, არც ქუმელი, არც ბურღული არ ჭამოთ ამ დღემდე, ვიდრე უფალს შესაწირავს არ მიართმევთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ.

15. გადაითვალეთ შაბათის მეორე დღიდან, იმ დღიდან, როცა შესარხევი ძნა მიიტანეთ, შვიდი სრული შაბათი.

16. მეშვიდე შაბათის მეორე დღემდე, გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ ახალი საძღვნო უფალს.

17. თქვენ-თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ შესარხეველი პური. ორი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს; საფუარიანი უნდა გამოცხვეს - პირველმოწეულ ნაყოფად უფლისათვის.

18. მიაყოლეთ პურს შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი, ერთი ხბო და ორი ვერძი. ესენი იქნება აღსავლენი უფლისათვის, საძღვნო და ზედაშე - საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.

19. გაამზადეთ ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად და ორი წელგამოვლილი ცხვარი სამადლობელ მსხვერპლად.

20. შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე პირველმოწეულ პურთან და ორ ცხვართან ერთად. ეს იყოს საუფლო საწმიდარი მღვდლისათვის.

21. გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.

22. როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას მკის დროს, სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ, ღარიბ-ღატაკს და მდგმურს დაუტოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

23. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

24. უთხარი ისრაელიანებს: მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს უქმე გქონდეს - გახსენება ბუკისცემისა, წმიდა შეკრებულობა.

25. არაფერი საქმე არ აკეთოთ და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.

26. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

27. ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.

28. არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე.

29. ვინც ამ დღეს თავს არ დაიმდაბლებს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.

30. ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს, გადავაშენებ მას თავისი ხალხიდან.

31. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.

32. უქმის შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოდან საღამომდე იუქმეთ, თქვენი შაბათი.

33. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

34. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია შვიდი საუფლო დღე.

35. პირველ დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.

36. შვიდი დღის მანძილზე შესწირავდეთ საცეცხლო მსხვერპლს უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. ეს სადღესასწაულო შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.

37. აჰა, საუფლო დღესასწაულები, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თქვენ - წმიდა შეკრებულობანი, რომ შესწიროთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს - აღსავლენი, საძღვნო საკლავი და ზედაშე დაწესებულ დღეებში,

38. გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა სამოწყალო მისატანისა, რომელიც უფალთან მიგაქვთ ხოლმე.

39. მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, მიწის მოსავლის აღებისას, შვიდ დღეს - იდღესასწაულეთ საუფლო დღესასწაული. პირველ დღეს - უქმე და მეშვიდე დღეს - უქმე.

40. აიღეთ პირველ დღეს ჰადარის ხის ნაყოფი, ფინიკის მტევნები, ძეწნისა და ტირიფის რტოები და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე შვიდ დღეს.

41. იდღესასწაულეთ იგი - საუფლო დღესასწაული შვიდ დღეს წელიწადში. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.

42. კარვებში იცხოვრეთ შვიდ დღეს. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარვებში იცხოვროს;

43. იმისათვის, რომ იცოდნენ თქვენმა შთამომავლებმა, რომ კარვებში დავასახელე ისრაელიანები, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

44. გამოუცხადა მოსემ საუფლო დღესასწაულები ისრაელიანებს.