ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი ოცდამეექვსე

1. არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

2. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი.

3. თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,

4. თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს.

5. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ.

6. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე.

7. გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე.

8. ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.

9. მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას.

10. შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს.

11. ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული.

12. ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით.

13. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ.

14. თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,

15. თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,

16. მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.

17. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.

18. და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის.

19. გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად - თქვენს მიწას,

20. ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები - თავის ნაყოფებს.

21. თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.

22. მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები.

23. თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას,

24. მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.

25. მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.

26. როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით.

27. თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას,

28. მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.

29. თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ.

30. გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული.

31. გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას.

32. დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან.

33. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.

34. მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.

35. იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.

36. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.

37. წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ.

38. დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა.

39. დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამა-პაპის ცოდვების გამოც დაილევით.

40. თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა-პაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ,

41. მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები, მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს.

42. და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ; ქვეყანასაც გავიხსენებ.

43. მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა.

44. და მაინც, მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.

45. მათთვის გავიხსენებ ჩემს აღთქმას წინაპრებთან, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ხალხების თვალწინ, რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.

46. აჰა, წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თავისსა და ისრაელიანთა შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით.