ძველი აღთქმა

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი მეოთხე

1. აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.

2. შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.

3. შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.

4. შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი.

5. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის.

6. ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.

7. ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!

8. წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.

9. შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით!

10. რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!

11. გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, სძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!

12. ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი.

13. შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით - ქოფერითა და ნარდიონით,

14. ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.

15. ბაღების წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი.

16. აღდეგ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ბაღსა ჩემსა, დაე, სურნელებით ფშვენდნენ! მოვიდეს თავის ბაღში მეტრფე ჩემი და იგემოს მისი სანატრელი ხილი!