ძველი აღთქმა

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი მერვე

1. ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუნაწოვი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.

2. წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.

3. მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!

4. გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!

5. ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი მეტრფის მხარს დაყრდნობილი? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.

6. დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.

7. ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.

8. პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?

9. ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.

10. მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.

11. ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ.

12. ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.

13. ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას - მასმინე მეცა!

14. გაიქეცი, მეტრფევ ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ.