ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეოთხე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:

2. დაითვალე კეჰათიანები ლევიანებში მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების მიხედვით,

3. ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეუძლია სამსახურში გასვლა, რომ აკეთოს საქმე სადღესასწაულო კარავში.

4. ეს არის კეჰათიანთა საქმე სადღესასწაულო კარავში, წმიდათა წმიდაში.

5. შევლენ აარონი და მისი შვილები ბანაკის დაძვრისას, ჩამოხსნიან ჩამოსაფარებელს და მით დაფარავენ მოწმობის კიდობანს.

6. ზედ დააფენენ თახაშის ტყავის ფარდაგს და ზემოდან გადააფარებენ ლურჯი მატყლის ქსოვილს და გაუყრიან კეტებს.

7. დასალაგებელ ტაბლაზე გაშლიან ლურჯი მატყლის ქსოვილს და დააწყობენ მასზე ჯამებს, კოვზებს, საწდეებს და თასებს საღვრელად. მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.

8. გაშლიან ზედ ჭიაფერ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.

9. აიღებენ ლურჯი მატყლის სამოსელს და დაფარავენ სასანთლეს და მის ლამპრებს, მის მაშებს, აქანდაზებს და ზეთის ყველა ჭურჭელს, რომელსაც მისთვის იყენებენ.

10. გამოახვევენ მას და მთელს მის ჭურჭელს თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ტახტრევანზე დადებენ.

11. ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ლურჯ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.

12. აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომელსაც საწმიდარში ხმარობენ, დააწყობენ ლურჯ ქსოვილზე და გადააფარებენ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.

13. ნაცარს მოაშორებენ სამსხვერპლოს და გადააფარებენ მეწამულ ქსოვილს.

14. დააწყობენ ზედ ყველა ჭურჭელს, რასაც კი იქ ხმარობენ - აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს, სასხურებლებს, სამსხვერპლოს მთელს ჭურჭელს და გადააფარებენ ზედ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.

15. როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.

16. ელიაზარს, აარონ მღვდლის ძეს, მინდობილი აქვს სასანთლის ზეთი, სურნელოვანი საკმეველი, მუდმივი შესაწირავი და საცხებელი ზეთი, თვალყური მთელს სავანეზე და ყველაფერზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მთელს მის ჭურჭელზე.

17. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:

18. ნუ გადააშენებთ კეჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთა შორის.

19. ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითოეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთთან დააყენონ.

20. არ უნდა მივიდნენ საწმიდარის შეფუთვის საყურებლად, თორემ დაიხოცებიან.

21. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

22. დაითვალე გერშონიანებიც მათი მამისსახლების და საგვარეულობების მიხედვით.

23. ოცდაათი წლიდან მოყოლებული, ორმოცდაათ წლამდე, აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

24. ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი სამსახურებლად და სატარებლად:

25. უნდა ატარონ სავანის კრეტსაბმელები, სადღესასწაულო კარავი და მისი გადასახურავი, თახაშის ტყავის გადასახურავი, ზემოდან რომ აფარია, სადღესასწაულო კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,

26. ეზოს ფარდები, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ რომ არის, მისი საბელები და ყველა მისი სამსახურებელი ნივთი. ყველაფერი, რასაც აკეთებენ და იყენებენ.

27. აარონისა და მისი შვილების ბრძანებით უნდა სრულდებოდეს გერშონიანთა ყველა საქმე - ყველაფრის ტარება და ყველაფრის კეთება. მათ ჩააბარე შესანახად ყველაფერი, რაც მათი სატარებელია.

28. ეს არის გერშონიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში და მათი მოვალეობანი ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.

29. მერარიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით აღრიცხე.

30. ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

31. აი, რისი ტარება ევალებათ მათ (ეს არის მათი საქმე სადღესასწაულო კარვის სამსახურში): სავანის ბოძები, ლარტყები, სვეტები მათი ფეხებითურთ.

32. ეზოს სვეტები, ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებითურთ, ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი, სათითაოდ აღრიცხე ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ.

33. ეს არის მერარიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.

34. აღრიცხეს მოსემ, აარონმა და საზოგადოების თავკაცებმა კეჰათიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით.

35. ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეეძლო სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

36. აღირიცხა საგვარეულოთა მიხედვით სულ ორი ათას შვიდას ორმოცდაათი კაცი.

37. ესენი აღირიცხნენ კეჰათიანთა საგვარეულობებში, ყველა, ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით.

38. აღირიცხნენ გერშონიანები მათი საგვარეულობების და მამისსახლების მიხედვით,

39. ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

40. აღირიცხა საგვარეულოების მიხედვით და მამისსახლების მიხედვით სულ ორი ათას ექვსას ოცდაათი კაცი.

41. ესენი აღირიცხნენ გერშონიანთა საგვარეულოებში, ყველა, ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით.

42. აღირიცხა მერარიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით,

43. ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.

44. აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით სულ სამი ათას ორასი კაცი.

45. ესენი აღირაცხნენ მერარიანთა საგვარეულოებში, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით.

46. ყველა აღრიცხული, ვინც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანებისგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით,

47. ოცდაათი წლიდან მოკიდებული ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა და სადღესასწაულო კარვის ტარება,

48. აღირიცხა სულ რვა ათას ხუთას ოთხმოცი კაცი.

49. უფლის ბრძანებით და მოსეს ხელმძღვანელობით მიეჩინა თითოეულს მისი საქმე და მისი სატარებელი ტვირთი და აღირიცხნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.