ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეექვსე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა აღთქმა დადო, რომ უფლის მოწმიდარი გახდება,

3. ღვინისგან და სასმელისგან უნდა იწმიდოს, არც ღვინის ძმარი და არც თაფლუჭის ძმარი არ დალიოს, არც ყურძნის წვენი არ დალიოს, არც ახლადმოკრეფილი ყურძენი და არც ჩამიჩი არ ჭამოს.

4. თვისი მოწმიდარობის მთელს დროს ყურძნისაგან დამზადებული არაფერი ჭამოს, წიპწიდან კანამდე.

5. მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა, წმიდაა იგი. თმა უნდა მოიზარდოს თავზე.

6. უფლის მოწმიდარობის მთელს დროს მკვდარს არ უნდა მიეკაროს.

7. არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის და დის გამო, მათ გამოც კი მათი სიკვდილის დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.

8. თავისი მოწმიდარობის მთელ დროს უფლის წმიდაა ის.

9. თუ მოულოდნელად, უცაბედად შეესწრო ვინმეს სიკვდილს და იგი წაიბილწავს სამოწმიდარო თავს, უნდა მოიპარსოს თავი. თავისი განწმედის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს იგი.

10. მერვე დღეს კი ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მიუტანოს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

11. გაამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისათვის, მეორეს აღსავლენად და განწმედს მას მკვდრის შეხების ცოდვისაგან, და განათლავს მის თავს ამ დღეს.

12. უნდა განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიუტანოს წელგამოვლილი ცხვარი დანაშაულისთვის. წინა დღეები დაკარგულია, რადგან წაბილწა თავისი მოწმიდარობა.

13. ეს არის მოწმიდარის რჯული: როცა გაუვა მოწმიდარობის ვადა, მიიყვანენ მას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან;

14. შესწირავს უფალს წელგამოვლილ, საღ ცხვარს აღსადგენად, ერთ წელგამოვლილ დედალ ცხვარს ცოდვისათვის და ერთ საღ ჭედილას სამადლობელ მსხვერპლად,

15. ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უსაფუვრო ლავაშებს მათი ძღვენითა და საღვრელით.

16. მიიტანს მღვდელი უფლის წინაშე და გაამზადებს ცოდვისათვის და აღსავლენად.

17. ხოლო ჭედილას გაამზადებს სამადლობელ, მსხვერპლად უფლისათვის ერთი კალათა ხმიადითურთ და გაამზადებს მღვდელი მათ ძღვენს და საღვრელს.

18. გადაიპარსავს მოწმიდარი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან თავის სამოწმიდარო თავს, აიღებს თავისი სამოწმიდარო თავის თმას და ჩააგდებს ცეცხლში, სამადლობელი მსხვერპლის ქვეშ რომ არის.

19. აიღებს მღვდელი ჭედილას მოხარშულ ბეჭს, ერთ უსაფუარო ნამცხვარს კალათიდან, ერთ უსაფუვრო კვერს და ხელზე დაუდებს მოწმიდარს მას შემდეგ, რაც ის მოიპარსავს თავის მოწმიდარობას.

20. შეარხევს მათ მღვდელი შერხევით უფლის წინაშე - ეს არის სიწმიდე მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა: ამის შემდეგ შეეძლება მოწმიდარს ღვინის სმა.

21. ეს არის რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო, და მისი შესაწირავისა უფლისადმი თავისი მოწმიდარობისთვის, იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება. რა აღთქმაც აქვს დადებული, უნდა შეასრულოს მოწმიდარობის რჯულს ზევით.

22. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

23. უთხარი აარონს და მის შვილებს: ასე აკურთხეთ ისრაელიანები, უთხარით მათ:

24. უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს.

25. უფალმა მოგანათოს თვისი სახე და შეგიწყალოს,

26. უფალმა მოგაპყრას თავისი სახე და სიმრთელე მოგცეს.

27. დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.