ძველი აღთქმა

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეცხრე

1. ღმერთო მამა-პაპათა და წყალობის უფალო, რომელმაც ყოველივე შექმენი შენი სიტყვით,

2. გამომსახველო კაცისა შენი სიბრძნით, რათა მეუფებდეს იგი შენ მიერ გაჩენილ ქმნილებებზე,

3. რათა სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს სოფელს და წრფელი სულით სჯიდეს სამართალს!

4. მომმადლე სიბრძნე, შენს ტახტზე დაბრძანებული, და ნუ გამომრიცხავ შენს მსახურთაგან.

5. რადგან მე მონა ვარ შენი და ძე შენი მხევლისა, კაცი უძლური და დღემოკლე, მსჯავრისა და რჯულის უმეცარი;

6. რადგან ადამიანის ძეთა შორის თვით სრულქმნილიც კი არარად ითვლება, თუ შორსაა შენი სიბრძნისგან.

7. შენ გამომარჩიე მე მეფედ შენი ერისა და მსაჯულად ძეთა და ასულთა შენთა;

8. მიბრძანე ტაძრის აშენება შენს წმინდა მთაზე და საკურთხევლისა შენს სამყოფელ ქალაქში. მსგავსად წმიდა კარვისა, რომელიც დასაბამიდანვე წინასწარ განამზადე.

9. შენთან არის სიბრძნე, რომელმაც უწყის შენი საქმეები, რომელიც თან გახლდა, როცა სამყაროს ქმნიდი, რომელმაც უწყის, რა არის სათნო შენს თვალში და რა არის სწორი შენს მცნებათა მიხედვით.

10. მოავლინე იგი წმიდა ზეცათაგან და შენი დიდების ტახტიდან წარმოგზავნე, რათა შემეწიოს ჩემს შრომაში, რათა შევიცნო, თუ რა არის შენი მოსაწონი.

11. რადგან მან ყოველივე იცის და ყველაფერი ესმის, ბრძნულად წარმიძღვება ჩემს მოქმედებაში და დამიცავს მე თავისი დიდებით.

12. ჩემი საქმეები შეწყნარებული იქნება, განვსჯი სამართლიანად შენს ერს და გავხდები ჩემი მამის ტახტის ღირსი.

13. რადგან კაცთაგან რომელი შეიცნობს ღვთის განზრახვას? ან უფლის ნებას ვინ მიხვდება?

14. რადგან უსუსურია მოკვდავთა ფიქრები და ჩვენი ზრახვები მერყევია.

15. რადგან განხრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას.

16. ძლივს ვხვდებით მას, რაც მიწაზეა, და რაც ხელთა გვაქვს, ძნელად ვპოულობთ, ხოლო რაც ცაშია, ვინ გამოიკვლია?

17. განგებას შენსას ვინ შეიცნობდა, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა, და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა?

18. ასე წარიმართნენ მიწიერთა გზები, ადამიანები მიხვდნენ შენს მოსაწონს და სიბრძნით გადარჩნენ.