ძველი აღთქმა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი მეთერთმეტე

1. გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები!

2. ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი!

3. გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება!

4. ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყესე დასაკლავად განწირული ცხვარი,

5. მყიდველნი რომ ხოცავენ განუკითხავად; მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულია უფალი! გავმდიდრდიო, მათი მწყემსებიც არ ინდობენ მათ.

6. რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ამბობს უფალი; აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს ხელში, აიკლებენ ქვეყანას და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან.

7. დავმწყესავ დასაკლავად განწირულ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს; ავიღებ ორ კომბალს, ერთს სიამეს ვუწოდებ, მეორეს საკვრელებს ვუწოდებ და დავმწყესავ ცხვარს.

8. ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, და მათი სულიც შემიძულებს მე.

9. ვიტყვი: აღარ დაგმწყესავთ თქვენ; მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა ჭამონ ერთმანეთის ხორცი.

10. ავიღებ კომბალს - სიამეს და გადავტეხავ, რათა გავტეხო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა ხალხთან დავდევი.

11. გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა.

12. ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.

13. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.

14. გავტეხავ მეორე კომბალს - საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.

15. მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი.

16. რადგან, აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს; მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვვბავს; მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს.

17. ვაი, უმაქნის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე; მთლიანად შეახმება მკლავი და დაევსება მთლიანად მარჯვენა თვალი!