ძველი აღთქმა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

1. დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, ქისლესის, ოთხში.

2. გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე

3. და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო?

4. იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

5. უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?

6. როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?

7. განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მისი ქალაქები მის გარშემო, სამხრეთი (ნეგები) და დაბლობი (შეფელა) დასახლებული იყო?

8. იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი:

9. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს;

10. ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.

11. მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ;

12. გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

13. და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას, ამბობს ცაბაოთ უფალი.

14. გავფანტე ისინი ყველა ხალხს შორის, რომელსაც არ იცნობდნენ, და გატიალდა მიწა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და სანუკვარი ქვეყანა უდაბნოდ აქციეს.