ძველი აღთქმა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეშვიდე

1. ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი.

2. განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან.

3. შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდწილად.

4. ნუ ითხოვ უფლისაგან ხელმწიფებას და ნურც მეფისაგან საპატიო ადგილს.

5. თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და წინაშე მეფისა ნუ ბრძენობ.

6. ნუ ცდილობ, მსაჯული გახდე, ვინძლო არ გამოჩნდეს შენი უძლურება უსამართლობის მოსპობაში, რომ მიკერძოება არ გამოიჩინო ძლიერის მიმართ და შენს სიწრფელეს ჩრდილი არ დაადგეს.

7. ნუ სცოდავ მოქალაქეთა წინაშე და ბრბოში თავს ნუ დაიმცირებ.

8. ორჯერ ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ერთის გამოც ვერ გადარჩები დაუსჯელი.

9. ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო.

10. სულმოკლე ნუ იქნები შენი ვედრებისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულებელყოფ.

11. ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის - დამამდაბლებელი და აღმაზევებელი.

12. ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს მოექცევი ასე.

13. ნურასოდეს შეთხზავ სიცრუეს, რადგან მისი გახშირება სიკეთეს არ მოგიტანს.

14. ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ სიტყვას ვედრების დროს.

15. ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული.

16. თავს ნუ ჩაირიცხავ ცოდვილთა კრებულში; გახსოვდეს, რისხვა არ დააყოვნებს.

17. ძლიერად მოთრგუნე შენი სული, რადგან ცეცხლი და მატლია ურჯულოთა სასჯელი.

18. ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის ოქროზე.

19. ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია.

20. ბოროტს ნუ უყოფ მსახურს, ბეჯითად მშრომელს, ნურც მოჯამაგირეს, შენთვის თავდადებულს.

21. გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას თავისუფლებას.

22. გყავს საქონელი? მიხედე მას; თუ გჭირდება, შენთვის დაიტოვე.

23. გყავს შვილები? ასწავლე მათ და ყრმობიდანვე მოახრევინე ქედი.

24. გყავს ასულნი? იზრუნე მათ სხეულზე და მათ წინაშე პირმხიარული ნუ იქნები.

25. ასული გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი.

26. გყავს ცოლი სასურველი? ნუ გაუშვებ მას და საძულველს ნუ მიენდობი.

27. მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს.

28. გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ?

29. მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს.

30. მთელი ძალით შეიყვარე შემქმნელი შენი და მის მსახურებს ნუ მიატოვებ.

31. გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მათ თავისი წილი, როგორც გებრძანა: ნათავარნი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა ძღვენი, განწმედის შესაწირავი და წმიდათა ნათავარი.

32. გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა აღსრულდეს შენი კურთხევა.

33. მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ წყალობას მკვდარსაც ნუ მოაკლებ.

34. ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე.

35. ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისთვის.

36. ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას.