ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა;

1 მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი,
2 და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში. 2 და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.
3 ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლის გამო. 3 რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა.
4 რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი. 4 რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.
5 და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 5 და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი.
6 ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე. 6 და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი.
7 ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო. 7 რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს.
8 ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი. 8 ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაჲ.
9 შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა. 9 და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას.
10 წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში. 10 და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა.
11 მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს. 11 და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.
12 იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს. 12 და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს.
13

ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.

13 ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.
14 გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი. 14 და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.
15 ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად. 15 და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.
16 მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. 16 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი.
17 ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა? 17 ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.
18 იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ. 18 ჰრქუა მათ იესუ: მომართჳთ მე იგი აქა!
19 და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს. 19 და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.
20 ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი. 20 და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.
21 ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. 21 ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
22 და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. 22 და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.
23 ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ. 23 და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ.
24 ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა. 24 ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.
25

და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.

25 და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა.
26 ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს. 26  ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს.
27 მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. 27 მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!
28 მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან. 28 მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.
29 მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან. 29 ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა.
30 მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე! 30 და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე!
31 მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა? 31 და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?
32 და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი. 32 და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი.
33 ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ. 33 ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ.
34 ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. 34 და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.
35 და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელს მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული. 35 და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული
36 ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო; და ვინც შეახო, განიკურნა. 36 და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს.